12 ნოემბერს, პანდემიის მიუხედავად შვილთან და "ოცნების" სხვა ლიდერებთან ერთად საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე დასწრებას კახი კალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ის და მისი შვილი მატჩზე "ინერციით" მივიდნენ.
"მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დასწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.
ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე, სამწუხაროდ, ყურადღება აღარ გამიმახვილებია.
ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდი, აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის.
მინდა, კიდევ ერთხელ გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ". - წერს კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






