პარტია "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ნიუპოსტთან საუბარში ოპოზიციის ერთიან სამოქმედო გეგმებსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოება არ წავა დათმობაზე, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები, რაც სახელმწიფოს დემოკრატიულობის მთავარი ინდიკატორია, მაიკ პომპეოს ვიზაიტის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია, რომელიც არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება:
"სამოქმედო გეგმა არის უცვლელი - ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს მანამდე, სანამ ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს, იმიტომ, რომ არჩევნებში რეგისტრირებული 59 პარტიიდან 58 აცხადებს, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, რადგან არჩევნებმა არ უნდა დაკარგოს ქვეყანაში აზრი იმიტომ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ადამიანები უბრალოდ აღარ მოვლენ არჩევნებზე. ძალიან ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ხდება ასე - ადამიანებმა იციან, რომ არჩევნებზე სიარულს აზრი არ აქვს და ხელისუფლებები ათეულობით წლებია მშვიდად ატარებენ არჩევნებს, მოქალაქეებმა დაკარგეს არჩევნებისადმი ნდობა - იგივე გზას ვადგავართ ჩვენ, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, ჩვენ ასევე გავაგონებთ ხმნას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ეს მოხდება შაბათს, ასევე მოხდება მეორე ტურის არჩევნების დღეს, ხაზგასმით ცივილური ფორმით იქნება აქცია დაგეგმილი იმ დღეს, როდესაც პომპეო იქნება საქართველოში.
რაც შეეხება მის ჩამოსვლას - პომპეოს ვიზიტი არ უნდა გაგვიკვირდეს მაშინ, როდესაც საკმაოდ დიდი გეოპოლიტიკური ძვრები მოხდა კავკასიის რეგიონში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვერ აღიქვამს რას ნიშნავს ან არ აღიქვამს (მხედველობაში მაქვს მისი გუშინდელი განცხადება, როდესაც მან ფასილიტატორებს მადლობა გადაუხადა) და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების საკითხზეც იქნება საუბარი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მხრიდან ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის ასეთი ფორმით არჩევნების ჩატარება ოლიგარქის მხრიდან, როგორი ფორმითაც მან ჩაატარა 31 ოქტომბერს, ასე რომ ჩვენი სამოქმედო გეგმა არის უცვლელი, თანმიმდევრული - აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ხელისუფლებას მოუწევს დიალოგზე წამოსვლა, მაგრამ დიალოგის საგანი უნდა იყოს ერთადერთი - ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ჩატარებული ხელახალი არჩევნები და, რა თქმა უნდა, იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პირად მძევლებად იქცნენ" - აცხადებს ანზორ ბიწაძე.
მასალის გამოყენების პირობები






