საქართველოში არსებული ვითარება რომ არასახარბიელოა, ამაზე ყველა თანხმდება, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი ადარდებს.
ეს იცის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმაც და ოპოზიციის მხარდამჭერმაც, ამას კარგად ითავისებს სრულიად ნეიტრალური ადამიანიც, რომლის ხელფასიც უცხოურ ვალუტაში გადაყვანისას თითქმის 100%–ით შემცირდა.
ეკონომიკურ ვითარებას რომ თავი დავანებოთ, ქვეყანა მოპარული არჩევნებისთვის ხელისუფლების პასუხისგებას მოითხოვს. პასუხისგება კი განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაა, რომელზეც ელექტორატს კიდევ ერთხელ ექნება შანსი თავისი მყარი პოზიცია დააფიქსიროს და მიტაცებული მინიმუმ 6% უკან დაიბრუნოს, რის შედეგადაც ქვეყანას საშუალება მიეცემა კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისა.
თუმცა, მიუხედავად არსებული პროტესტისა, ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების თავების დათვლით არის დაკავებული და მათი რაოდენობის ხელოვნურად შემცირების ფონზე, აცხადებს, რომ „იმდენი არ არიან, რომ მათი ხმა მოსმენილი, გათვალისწინებული და მიღებული იყოს“.
შედეგად, მათ წინააღმდეგ სადისტურ ძალასაც არ იშურებს, პანდემიის პირობებში „ზრუნავს“ დაავადებულთა რიცხვის ზრდაზე, ალბათ იმიტომაც, რომ დაახლოებით ერთ კვირაში გაზრდილი ციფრი ოპოზიციას და მათ „სისხლიან 9 წელს დაბრალდეს“.
დედაქალაქის მერი ახალგაზრდებსა და მოხუცებს, ბავშვებსა და ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც მოპარული ხმებისთვის თუნდაც ცესკო–ს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ – „შპანას“ უწოდებს. პოლიცია კი, რომელსაც ავიწყდება, ქართველი ხალხი უხდის ხელფასს და უნდა ემსახუროს მას, შეშას დასდევს. ქვეყანაში ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი ისე, რომ არც საომარი მდგომარეობაა და არც საგანგებო.
ამ ყველაფრის ფონზე სანთლით საძებარი გახდა (ისევე როგორც ყოველთვის) მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
რომელიც მსგავს სიტუაციებში ძირითადად, ლობიოს დასაგემოვნებად დაიარება რესტორანში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ორიგინალური აღმოჩნდა და დღეს, დილით „დილა მშვიდობისა გვიურვა“ ოქროყანაში გადაღებული ფოტოთი.

მასალის გამოყენების პირობები






