სამმა არასამართავრობო ორგანიზაციამ – საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმა, საერთო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.
"არჩევნების დღე გამოირჩეოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ამომრჩევლის მოსყიდვის, საარჩევნო უბნების გარეთ დაპირისპირების ინციდენტების სიმრავლით. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობები, კერძოდ დისბალანსის მაღალი მაჩვენებელი, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე არ დაფიქსირებულა, გადასწორებები, შესწორების ოქმების გაუმჭვირვალედ და ობიექტური შესწავლის გარეშე შედგენა." - წერია განცხადებაში.
ამასთან ერთად, არასამათავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან შეკრებილი პროტესტანტების წინააღმდეგ სამართალდამცველების ქცევა, როდესაც სპეცრაზმმა აქცია წყლის ჭავლითა და ხელკეტებით დაარბია.
"მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი და „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.
მოვუწოდებთ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით". - წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წერენ, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გაწიოს და პოლიტიკოსებმა მოლარაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ "პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები".
მასალის გამოყენების პირობები






