საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, დღეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
როგორც ლომჯარიამ ცესკოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს.
"როდესაც ხდება აქციის მონაწილეების მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევები თუ მართლწესრიგის დარღვევა პოლიციას წარმოეშობა ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება იმ შემთხვევაში, თუ ის იცავს ამ ძალის გამოყენების სტანდარტებს. ეს გამოიხატება იმით, რომ უნდა მოხდეს აქციის მონაწილეების გაფრთხილება შესაძლო ძალის გამოყენების და მისი მეთოდების თაობაზე. ასევე მან უნდა გამოიყენოს პირველ რიგში ყველაზე ნაკლებად ე.წ. შემზღუდველი მეთოდები. უნდა მოხდეს ინდივიდუალური კერების განეიტრალება, შესაძლებელია ეს მოხდეს ინდივიდუალური დაკავებები სამართალდარღვევების, თუმცა, წყლის ჭავლის გამოყენება უფრო მეტად მიმართულია ფართო მასაზე, როლებიც მასობრივად არღვევენ წესრიგს და იყენებენ ძალას. ვფიქრობ, იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჭავლის გამოყენება, როცა ასეთ ვითარებას არ ჰქონდა ადგილი იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაითვალისწინოს ეს საკითხები. პირველ რიგში მივმართავ ხელისუფლებას და მმართველი ძალის წარმომადგენლებს გადადგან შემხვედრი ნაბიჯები იმისთვის, რომ პოლიცია არ დარჩეს მხოლოდ მოქალაქეების პირისპირ. ამ კრიზისს სჭირდება პოლიტიკური გამოსავლის პოვნა და პოლიტიკოსებმა უნდა გადადგან ნაბიჯები რომ დაიწყოს პოლიტიკური პროცესი. უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცესი და განხილვა, გახსნა, გადათვლა და საჩივრების სწორად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განხილვა.
დღეის მდგომარეობით იქედან გამომდინარე რომ მთელი დღის განმავლობაში ვხედავდით მშვიდობიან აქციას, იქედან გამომდინარე, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დააფიქსირეს მზაობა პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყების, ვფიქრობ ამ მიმართვას არ მოჰყოლია ადეკვატური და გულწრფელი ნაბიჯები მმართველი პარტიის მხრიდან. ასე ჩვენ ყოველდღიურად მივიღებთ უფრო დამძიმებულ ვითარებას და უფრო დიდ კრიზისს, რაც საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. ამიტომ დღეს შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას, რათა მათ დროულად გადადგან თანმხვედრი ნაბიჯები მოლაპარაკებების დაწყებისკენ და აიღონ პასუხისმგებლობა რომ იმ საჩივრებზე, რომელიც არსებობს მოხდება სამართლებრივი რეაგირება,- განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ფორმატის შერჩევა შესაძლებელია და პირველ რიგში მზაობა ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან უნდა იყოს.
"დღეს მე დავინახე ასეთი მზაობა ოპოზიციურ სპექტრში, ვერ დავინახე შესაბამისი მზაობა ხელისუფლებაში. თუმცა, იმედია, რომ ისინი აცნობიერებენ პასუხისმგებლობას და რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ვფიქრობ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც არიან მზად პოზიტიური როლი შეასრულონ ამ ვითარებაში. თუ იქნება სურვილი, რა თქმა უნდა, სახლახო დამცველის, ჩემი პირადი სურვილია ამ პროცესში მაქსიმალურად პოზიტიური როლი შევასრულო",- განაცხადა ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






