"ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბრძოლის ხაზი ახლა არა პარტიულ, არამედ ხალხის ინტერესებზე და მათ ნებაზე გადის.
გიგი უგულავა ამბობს, რომ მოსახლეობამ დღეს, ქუჩაში გამოსვლით ხელისუფლებას აჩვენა, რომ არ შეეგუება გაყალბებულ და წართმეულ არჩევანს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობახიძის განცხადებასაც ამოეხმაურა. საუბარია "ოცნების" აღმასრულებელი მდივნის იმ განცხადებაზე, სადაც თქვა, რომ ოპოზიციის გეგმებს აღსრულება არ უწერია.
"ხალხის სიმრავლეს, რისხვას და ბრაზს თვალი უნდა გაუსწოროს ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ. ეს ხალხი ბევრს ითმენდა, რომ არჩევნები ჩატარდებოდა. დღეს ეს არჩევანი წართმეული და ფეხქვეშ გათელილია. დღეს აქ დგას ყველა გემოვნების, ყველა ფენის საქართველო... ერთადერთი მოთხოვნით, რომ სამართლიანი და თავისუფლი იყოს არჩევნები. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ სულ სხვა სივრცეში გადავალთ. ცვლილებების სურვილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნაა.
ეს არის გაბრაზებული, შეურაცხყოფილი ადამიანების პროტესტი. აქ არჩევნებამდე ვანახეთ ყველას, რომ პარტიები არსებობენ საქართველში და პარტიული არჩევანი შეგიძლია გააკეთო. ის უპრეცედენტო ერთობა, რომ არავინ შედის პარლამენტში და არავინ ფიქრობს ამაზე, მიუხედავად ამ ტუტუცი ღლაპის, კობახიძის განცხადებისა... ეს კაცი შეეჩვია ივანიშვილის მეტყველებას და აზროვნება და ლაპარაკობს მარტო იყიდე- გაყიდეთი, ქარვასლა ჰგონია საქართველო. სიმართლე არის ის, რომ ყველაზე პატარა და დიდ პარტიასაც ერთი აზრი აქვს.
ბრძოლის ხაზი გადის იქ, რომ ან იქნება თავისუფალი და დემოკრატიულ ქვეყანა, ან ვიქნებით ამ კაცის უკანა ეზო, რომელიც ხომ ვხედავთ რისი მკადრებელია. იმისათვის, რომ მათი პროპაგანდისტული ტელევიზიის ეკრანზე დაეწერათ გარეჯი საქართველოა, ორი ადამიანი დაიჭირეს" - ამბობს გიგი უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები






