ოზურგეთის სასამართლოს წინ გამართულ ბრიფინგზე „ლელოს" გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ "ლელოს" მიერ საოლქო კომისიაში შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, „ლელოს" მისამართით გრძელდება საარჩევნო სპეცოპერაცია, რაც ამჯერად გამოიხატა იმაში, რომ ოზურგეთის საოლქო კომისიამ „ლელოს" მოპარა გასაჩივრებისთვის განკუთვნილი 2 დღე.
„საქმე ის არის, რომ საარჩევნო დავებთან მიმართებით კანონი ისედაც შემჭიდროვებულ ვადას, მხოლოდ 2 დღეს ითვალისწინებს. მოხდა ისე, რომ საჩივართან დაკავშირებული განკარგულებები, რომელიც 5 ნოემბერს უნდა ყოფილიყო გამოცემული, გუშინ, 6 ნოემბრის ღამის 12 საათამდეც კი არ იყო ატვირთული. ჩვენს ხელთაა საოლქო კომისიაში ჩვენი წარმომადგენელის, ინგა ფრანგულაშვილსა და საოლქო კომისიის თანამშრომელ თამთა გიორგაძეს შორის გამართული საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც გუშინ, 6 ნოემბერს გაიმართა. ჩანაწერში გიორგაძე უდასტურებს ფრანგულაშვილს, რომ თურმე განკარგულება 5 ნოემბრის თარიღით არის მიღებული. საოლქო კომისიამ თავისი ამ ქმედებით, როცა განკარგულება დამალა და წინა რიცხვით მოგვიანებით ატვირთა, საარჩევნო სუბიექტს ის 2 დღიანი ვადაც კი მოგვპარა, რათა ხელი შეგვშლოდა სასამართლო გზით ჩვენი სიმართლის დამტკიცებაში", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
გიორგი სიორიძემ აღნიშნა, რომ არ აქვს კლანის მიერ მართული სასამართლოს მიერ სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის მოლოდინი და ამის ილუზია.
„ოზურგეთის რაიონული სასამართლო არის კლანის ნაწილი და ბუნებრივია, არ მაქვს იმის მოლოდინი და ილუზია, რომ ის ობიექტურად განიხილავს ჩვენს დასაბუთებულ სარჩელს და მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ავყვებით უკანონობის გაუგონარ კასკადში ვერც საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელიც ხმებთან ერთად უკვე დროსაც იპარავს და ვერც სასამართლო კლანს. ჩვენ, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან განსხვავებით, რომელიც საერთოდ კანონგარეშე დგას ამ მომენტისთვის, არ ვაყენებთ თავს სამართლებრივი სივრცის მიღმა და ვცდილობთ ყველა იმ ბერკეტის გამოყენებას, რაც გაგვაჩნია. მიუხედავად ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელის გადაგრეხვისა, ჩვენ მაინც მოვასწარით სარჩელის მომზადება, ფაქტობრივად, რამდენიმე საათში და კანონით დადგენილ დროში შეგვაქვს ის ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში", - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






