ოპოზიცია, რომლებსაც ხმები გაუყალბეს ორი მთავარ მოთხოვნას აყენებს - ხელახალი არჩევნები და ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას უპირობო გადადგომა.
არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება. დუღილის ტემპერატურა არ იკლებს ოლიგარქის სასახლესთან, სადაც აქციის პარალელურად დღეს დაუგენელმა პირებმა 6 ჯერ გაისწროლეს.
ოპოზიციაში მომხდარის უკან "შეშინებული ხელისუფლების" ხელწერას ხედავან. ამ და სხვა თემებზე "ნიუპოსტი" "ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, ანზორ ბიწაძეს ესაუბრა:
- დღეს აქცია გაიმართა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სადაც გასროლაც კი მოხდა, რა სურათს ხედავთ, სადამდე მიდის ხელისუფლება?
- სურათი არის ნათელი - ხელისუფლებამ ვიღაც პროვოკატორს გაასროლინა იმიტომ, რომ იცის, ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს გამოსვლას კვირას დაგეგმილ აქციაზე, საკუთარი ღირსებისა და შელახული თავმოყვარეობის დასაცავად. გასროლა სწორედ იმიტომ განახორციელეს, რომ მოსახლეობაში გაჩნდეს განცდა, თითქოს რაიმე დესტაბილიზაცია და საფრთხის შემცველი ამბები იგეგმება, ძალიან მარტივ ტვინებზე გათვლილი ქმედება იყო, აბსოლუტური სისულელეა, არც სროლას აპირებს არავინ და არც რაიმეს დალეწვა-დამტვრევას. კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ცივილური საპროტესტო ტალღით დავანიშნინებთ ხელისუფლებას ხელახალ არჩევნებს.
- კვირამდე კიდევ არის დარჩენილი ორი დღე, უნდა ველოდოთ თუ არა პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას და რანაბიჯები შეიძლება გადადგას ხელისუფლებამ, ჩვენ ვნახეთ სუს-ში დაწყებული გამოძიება...
- რა სუს-ში დაწყებული გამოძიება?! სასამართლო მაგათ ხელშია, პროკურატურა მაგათ ხელშია, სუს-იც მაგათ ხელშია, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სტრუქტურებად არის გადაქცეული და რამე ინფორმაცია თუ ჰქონდათ და რამე თუ ჰქონდათ გამოსაძიებელი, ეთქვათ ამდენი ხანი, რას გვიმალავდნენ, სისულელეა, კობახიძის ავადმყოფ თავში რაღაც ახალი ბოდვა დაიბადა და იმას მიყვებიან, რაც მეტ საქმეს დაავალებენ ირაკლი კობახიძეს, მით უფრო მალე დაასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას.
- რატომ უნდა გამოვიდეს კვირას 3 საათზე პარლამენტთან მოსახლეობა?
- პირველი იმიტომ, რომ თამარ ჟვანია და ირაკლი კობახიძე არიან ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული ქართველი ხალხის ნებისა და არჩევანის ოკუპანტები და ეს ადამიანები უნდა მოვიცილოთ პოლიტიკიდან, ბიძინა ივანიშვილმაც უნდა დატოვოს ქართული პოლიტიკა და დაანებოს ქვეყანას თავი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც მიგვათრევს 30 წლით უკან და მთელი იმ 30 წლის მონაპოვარს გვიყრის წყალში. და მეორე - ადამიანები იმიტომ უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რომ თავმოყვარეობა შეგვილახეს, გარდა ამისა, ხელისუფლებას პანდემია გაექცა, ლარის კურსი გაექცა, ადამიანებს გაჭირვებაში აცხოვრებს, ჩვენ ამ აქციით უნდა დავიცვათ ხმა, ჩვენი თავმოყვარეობა, ჩვენი ხვალინდელი დღე, ელემენტარულს ვითხოვ - გვქონდეს ნორმალური არჩევნების ჩატარების უფლება, ამიტომ გამოდით ყველანი კვირას სამ საათზე პარლამენტის წინ, გაიკეთეთ პირბადე, დაიმუშავეთ ხელები, დავიცვათ ხმა და დავიცვათ ერთმანეთი.
მასალის გამოყენების პირობები






