ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ოქმების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ მაჟორიტარული ნაწილის 53%-ში და პროპორციული ნაწილის 30%-ში, ბიულეტენთა რაოდენობა და არჩევნებზე მისულთა რაოდენობა არ ემთხვევა ერთმანეთს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს ყველა ოქმი და სტატისტიკა მეტყველებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა.
„ოქმების ანალიზის შედეგად ირკვევა ძალიან ბევრი შემაშფოთებელი რამ, მაგალითად ის, რომ დაახლოებით 53% შემთხვევაში მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში არის ოქმები, სადაც არ ბალანსდება რიცხვები, 30% არის პროპორციულის შემთხვევაში.
ოქმების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ დაახლოებით 8400 კარუსელი, „ბიძინას კარუსელი“ ტრიალებდა რამაც შესაძლოა ჯამში გამოიწვია 100 000 ან მეტი ხმის გაყალბება.
როდესაც ოქმებს ვნახულობთ, არის შემთხვევები, რომლებიც უბრალოდ მასშტაბს გვაჩვენებს. არის ოქმები, რომელშც არის 4 შესწორება, არის ოქმები, სადაც არ დაბალანსდა რიცხვები, ანუ ფაქტია, რომ არის ჩაყრილი ბიულეტენები, შემდეგ თავიდან გადაწერეს და გადაწერილ და შესწორებულ ოქმში ისევე არის დისბალანსი, ანუ ისევე გამოდის, რომ არის ჩაყრილი ბიულეტენები.
არის ასეთი ბევრი მაგალითი, სადაც აშკარად ჩანს, რომ ქართულმა ოცნებამ პირდაპირ მანიპულაციის გზა აირჩია და აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის შედეგად ჯამში მაინც მიიღო მათივე გამოცხადებული რიცხვებით ნახევარზე ნაკლები.
აბსოლიტურად ნათელია, რომ ეს არჩევნები ოცნებამ გააყალბა და ეს ოქმები და სტატისტიკა ამაზე მეტყველებს.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






