„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება და ის აუცილებლად ჩატარდება.
"გუშინ უკვე გვქონდა პირველი შეხვედრა ჩვენს შტაბებთან, პარტიულ წარმომადგენლებთან და მიდის სრული მზაობა, ჩვეულებრივად, მეორე ტური ჩატარდება.“- აცხადებს კალაძე.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია საბოლოოდ მეორე ტურში მონაწილეობაზე და მანდატებზე უარს იტყვის, აქვს თუ არა ქართულ ოცნებას პოლიტიკური კრიზისი მოლოდინი, კალაძე აცხადებს, რომ როგორც, საქართველოს მოქალაქეს გაუხარდებოდა მათი პარლამენტში შესვლა.
"მე მივესალმებოდი იმას, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობის იმ გარკვეულმა ნაწილმა ზუსტად იმიტომ დაუჭირა მხარი ამ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, გამიხარდებოდა მათი შესვლა პარლამენტში".- ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.
მასალის გამოყენების პირობები






