ვითარება ისნის საოლქო კომისიასთან -ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში, ხატია დეკანოიძემ, რომელიც ახლა ისნის საოლქო კომისიასთან იმყოფება აცხადებს, რომ მოვიდა დავალება, რომ არც ერთი საჩივარი აღარ განიხილონ.
დეკანოიძემ საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრება მოითხოვა, თუმცა სამართალდამცავებმა არ შეუშვეს.
“ისანში, 45 ოქმზე არ ჯდება ბალანსი ისანში და 81-ვე ოქმზე აკლია ბიულეტენები. მასიური “კარუსელი” დაატრიალეს და მასიური გაყალბება იყო. ჩვენ დღეს მოვედით, რომ დავესწროთ ჩვენი საჩივრების განხილვას, ჩვენ გვაქვს წარდგენილო საჩივრები ყველა პარტიას, ვინც კონკურენტები ვიყავით აქამდე და დღეს ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები. ჩვენ არ შეგვიშვეს და ჩვენს დამკვირვებლებსაც აძევებენ იქიდან. დღეს მოვიდა ცესკოდან პირდაპირ დავალება, რომ არც ერთი საჩივარი აღარ განიხილონ, ამიტომ შიგნით სრული განუკითხაობაა, პატრული დააყენეს სამ წყებად და მასმედიას გთხოვთ, რომ დაესწროთ ამ საჩივრების განხილვას. პასუხი არ აქვთ, რატომ არ გვიშვებენ. იცავენ უკანონობას. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არც ერთი საჩივარი არ განიხილონ. ხმებია მოპარული, აორთქლებული, მოპარული, ჩაყლაპული”,- განაცხადა დეკანოიძემ.
ისნის საოლქო კომისიასთან, ისევე როგორც დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში, უკვე 1 საათზე მეტია მწვავე პროტესტია.
კომისიებში ოპოზიციის წევრებსა და მათ წარმომადგენლებს არ უშვებენ. საარჩევნო კომისიებმა საჩივრები უნდა განიხილონ, სწორედ ამ სხდომებზე დასწრებას ითხოვს ოპოზიცია სრული შემადგენლობით. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ შენობაში დეპუტატებს და დეპუტატობის კანდიდატებს შესვლის უფლება აქვთ, ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომებზე არ უშვებენ, ხოლო მათ ვინც უკვე სხდომაზე იყო, გარეთ აძევებენ.
მასალის გამოყენების პირობები






