დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ცესკომ ხმები ხელახლა უნდა დაითვალოს.
ანა დოლიძე სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე, აქვეყნებს პოსტს და წერს, რომ გარდაეცვალა ოჯახის წევრი, სწორედ, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ რამდენიმე საათით ჩამოშორდა საარჩევნო პროცესებს.
„რამდენიმე საათის განმავლობაში, პირადი ტრაგედიის გამო ჩამოვშორდი საარჩევნო პროცესებს, რადგან გარდამეცვალა ოჯახის წევრი. ამასობაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა ჩამითრიოს პატარა კოცონთან თამაშში, როდესაც ქვეყანაში დანთებულია დიდი ცეცხლი.
ეს არის ის, რაზეც 31 ოქტომბრის დილის 8:00 საათიდან ვამბობ – დიდუბე-ჩუღურეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, გაყალბდა არჩევნები.
არავინ გაბედოს ჩემი სახელის გამოყენება ამ ბინძურ თამაშში, რადგან არავის გამოუვა ყურადღების გადატანა მთავარი საკითხიდან.
მე გავაგრძელებ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის“, – წერს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ზურაბ ჯაფარიძემ 21,09% (14529 ხმა) მიიღო, ანა დოლიძემ კი 20,96% (14438) ხმა.
მასალის გამოყენების პირობები






