ევროპული საქართველო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში.
"სამწუხაროდ, იმან, რაც შემდეგ მოხდა საარჩევნო კომისიებში, არ დატოვა კითხვის ნიშანი, როგორი არჩევნები ჩატარდა 31 ოქტომბერს. არჩევნები, სადაც სრულის სიტემით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბების სისტემის მანქანა, არჩევნები, რომლის გაყალბებაშიც ჩართული იყო ერთად პარტიული, სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები. [...]
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის რიგითი პროტესტი, ან ბოიკოტი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურ დამახინჯებასთან", - თქვა ბრიფინგზე დავით ბაქრაძე.
გიგი უგლავა ამბობს, რომ დღეს გაყალბებული არჩევნებით შეკრებულ პარლამენტში შესვლა ქართულ ოცნებაში შესვლას ნიშნავს, ამიტომ ევროპული საქართველო ამაზე უარს ამბობს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, რომელიც თავისუფალ გარემოში ჩატარდება.
მისი თქმით, თუ მმართველი გუნდი ამას არ დათანხმდება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
"სრულიად ცალსახაა ერთი რამე. დღეს გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს სრულიად ქართულ ოცნებაში შესვლას. არა პარლამენტში შესვლას, არამედ ქართულ ოცნებაში შესვლას. ამიტომ, ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებაა, სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს. არც ერთი ჩვენგანი არ მიიღებს იმ გადმოგდებულ მანდატებს, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
ქართულ ოცნებას აქვს 2 არჩევანი: პატიოსანი და თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები. სხვა შემთხვევაში ის დაემსგავსება ბიძინა ივანიშვილის ჯამახერიას და ის თავისი აბსურდულობის გამო ძალიან მალე ჩამოიშლება".
გიგი უგულავამ მოქალაქეებს კვირას, 15:00 საათზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღებისკენაც მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






