„რეფორმერის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეირან ოქროპირიძე წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს და იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რაც ბათუმის მოსახლეობას აქვს.
ჯეირან ოქროპირიძე: წინასაარჩევნო პერიოდში ბათუმში ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართე, როგორც კარდაკარის პრინციპით, ასევე სამუშაო შეხვედრების ფორმატში. კარგად ვიცი, ის პრობლემები, რაც აქვს ადგილობრივ მოსახლეობას, ეს არის მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი, უმუშევრობა, ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პრობლემები. აჭარაში განსაკუთრებით პრობლემური საკითხია უმუშევრობა, ადამიანები ეძებენ სამსახურს და ვერ პოულობენ, პრობლემები აქვთ იმ ადამიანებსაც, ვინც დასაქმებულები არიან, მაგრამ მათი სამუშაო პირობები სრულიად აცდენილია ყოველგვარ სტანდარტს და არ არის დაცული მათი შრომითი უფლებები. თითქმის ყველგან, წავაწყდი ნეპოტიზმს, არაპროფესიონალიზმს, რაც არ აძლევს ადამიანებს განვითარების და წინსვლის საშუალებას. ეს გარემო და სამუშაო პირობები აიძულებს პროფესიონალებს დატოვონ ქვეყანა და წავიდნენ უცხოეთში. „
როგორც ჯეირან ოქროპირიძე აცხადებს, კორონაპანდემიის შედეგად მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები უფრო გამწვავდა, სახელმწიფო არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ამ ადამიანების დასახმარებლად.
ჯეირან ოქროპირიძე: ეკონომიკური კრიზისს, რომელიც არის მთელ ქვეყანაში, დაემატა კორონაპანდემიისგან შექმნილი პრობლემებიც, რის წინაშეც დგას ყველა ოჯახი. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში დაწესდა ახალი შეზღუდვები, დაიხურა ბევრი კომპანია, მათ შორის რესტორნები,
ფიტნეს-ცენტრები, სასტუმროები. არ არსებობს სტრატეგიული გეგმა თუ როგორ დაეხმარება სახელმწიფო იმ ადამიანებს ვინც დაკარგა
სამსახური, აქვთ საბანკო ვალდებულებები და ვეღარ არჩენენ ოჯახებს. ბათუმში ყოველდღიურად იმართება კორონაპანდემიის შედეგად დაზარალებულთა და უმუშევრად დარჩენილი ადამიანების საპროტესტო აქციები. ადგილობრივი ხელისუფლება არ ხვდება ამ ხალხს, არ ინტერესდება მათი პრობლემებით. ძალიან დიდი უკმაყოფილებაა ჯანდაცვის სექტორის მიმართ. მოსახლეობა დაუცველი დარჩა კორონაპანდემიის პირისპირ, ადამიანები საათობით ელოდებიან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადების მისვლას, არის საწოლფონდის პრობლემაც, გართულებულია წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც აჭარაში ყველაზე მეტად იგრძნობა. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, რაც იწვევს გაურკვევლობას, ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის და მომავლის იმედი.
სახელმწიფო არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ამ ადამიანების დასახმარებლად. ისინი ითხოვენ ცვლილებებს, უკეთეს ცხოვრებას. მოსახლეობა გამოთქვამს კრიტიკას არსებული პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების მიმართ, რომელთაც წლებია ვერ გადაწყვიტეს ამ ადამიანების ყოფითი პრობლემები.
ამომრჩეველი ღიად გამოხატავს ინტერესს ახალი პოლიტიკური პარტიების მიმართ. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე 31 ოქტომბერს და გააკეთონ სწორი არჩევანი, ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ეს არის ჩვენი, როგორც ახალი ძალის ვალდებულება და პასუხისმგებლობა - აცხადებს პარტია „რეფორმერის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეირან ოქროპირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






