პარტია „რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის და კორონაპანდემიის პერიოდში რუსეთის მხრიდან ოკუპაციის გახშირებული ფაქტების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
ხატია ქობალია: პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფაქტები გახშირდა. რუსეთის ფედერაციამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი ჩაშალა, რომელიც 6-7 ოქტომბერს იყო ჩანიშნული და 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში გადაიწია. თუმცა ეს ფაქტი წინასაარჩევნოდ სხვადასხვა მოვლენებით გადაიფარა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, რომელიც განიხილავს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგებს. მოლაპარაკებებში რუსეთ - საქართველოს გარდა მონაწილეობს აფხაზეთის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს. პირველ ჯგუფში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საკითხებსა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ მისაღწევად მოლაპარაკებებს განიხილავენ, ხოლო მეორე ჯგუფის თემაა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ჰუმანიტარული საკითხები, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზთან თავისუფალი გადაადგილება და სხვა. თუმცა ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაცია, არღვევს არა მარტო ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, არამედ საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლის ინიციატორიც არის.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არასდროს ყოფილა მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული. ხშირად ხდება ჩვენი სახელმწიფოების კავშირების რომანტიზება, განსაკუთრებით პრორუსული პარტიების მხრიდან. ასე ხდება ფსევდო ღირებულებებით, რეალური ღირებულებების გადაფარვა.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის და ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ავტომატურად გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები. პარალელურად 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა რუსეთსა და საქართველოს შორის. აღნიშნული შეთანხმება პირდაპირ მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას, თუმცა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღემდე გრძელდება ადამიანების გატაცება, მკვლელობა, უკანონო დაკავებები, უკანონო ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების შელახვა და ჰუმანიტარული მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.
რუსეთი, ოკუპირებულ რეგიონებში აქტიურად ინარჩუნებს სამხედრო პერსონალს, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული არმია რეგულარულად მონაწილეობს არალეგალურ სამხედრო წვრთნებში. გრძელდება სამხედრო ძალის გაძლიერება და ამავდროულად გამყოფ ხაზებზე ბარიერების აგება.
რუსეთის ფედერაცია გარდა იმის, რომ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ასევე ხელს უშლის და უბლოკავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, რომ რუსეთის ფედერაციამ შეაჩეროს ბორდერიზაციის პროცესი და შეწყვიტოს ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანის უფლებების დარღვევა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდება მავთულხლართების აგება და ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაცია.
ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე დამნაშავეები არ არიან დასჯილნი და არ დაწესებულა შესაბამისი სანქციები. აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე გრძელდება რეგიონში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება, მათი წამება ძალადობის უკიდურესი ფორმებით. გამშვები პუნქტების დახურვით მათი სრული იზოლაცია და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. აკრძალულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღება და ადამიანებს იძულების გზით უწევთ ეთნიკური იდენტობის შეცვლა. ეს არის ის მუდმივი პროვოკაცია, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და ამ გზებით ცდილობს სიტუაციის კიდევ უფრო დესტაბილიზაციას.
რუსეთი ამ სიტუაციას არა მხოლოდ საქართველოზე კონტროლის მოსაპოვებლად იყენებს, არამედ რეგიონზე სურს გავლენის მოხდენა. რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მთავრობის დათმობის პოლიტიკა არ ემთხვევა მოსახლეობის დამოკიდებულებას და აჩენს კითხვებს საერთაშორისო საზოგადოებაში თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში. ერთია რომ სტრასბურგსა და
ბრიუსელში შიდა საკომიტეტო სხდომებზე დააფიქსირო აზრი, რომ რუსეთი უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებს, და მეორე, რას ხედავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რა ნაბიჯებს ვდგამთ შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე. ეს ორი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს.
საოკუპაციო ხაზთან ჯარის განთავსება არ არის გამოსავალი, რადგან ამით კონფლიქტის პროვოცირებას მოვახდენთ, ჩვენ ვასრულებთ 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს ყურადღება უნდა მოვადუნოთ და ხელი დავაფაროთ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და სამხედრო ოკუპაციას. ავტობანიდან 300-400 მეტრში ოკუპანტების მიერ მუდმივად მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, ჩვენ კი ისევ ვდუმვართ.
საქართველოს მთავრობა ვალდებულია უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. თავად აწარმოოს მონიტორინგი საოკუპაციო ხაზთან. დაიცვას საკუთარი მოქალაქეები გატაცებისგან, მოამზადოს ანგარიშები, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყოველი ფაქტი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების შელახვას, მოქალაქეთა უკანონო გატაცებას, დაკავებასა და მათ შემდგომ წამებას. წარუდგინოს აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირის წარმომადგენლობას. თავად გააკეთოს განაცხადი და სადამკვირვებლო მისიას მოუწოდოს მჭიდრო თანამშრომლობისკენ.
ეჭვგარეშეა, რომ საერთაშორისო მონიტორინგის გარეშე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დარჩება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის, ეთნიკური წმენდის, ტერორიზმის, იარაღისა და ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკის და ტრეფიკინგის კერად, რაც საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ყოველთვის საფრთხის წინაშე დააყენებს. მხოლოდ საერთაშორისო მონიტორინგი შედეგს ვერ მოგვცემს, თუ საქართველოს მთავრობამ თანამშრომლობა სისტემატურ ფაზაში არ გადაიყვანა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში. მხოლოდ 8 აგვისტოს არ უნდა გვახსენდებოდეს რომ რუსეთი ოკუპანტია. ამ თემაზე აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს საუბარი მუდმივად საერთაშორისო დონეზე - აცხადებს პარტია „რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია.
მასალის გამოყენების პირობები






