შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ბანკის გაძარცვისა და მძევლების აყვანის საქმეზე მედიას მადლობას უხდის.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და მაგასაც არ მაცლით. გამოვედი, რომ გესაუბროთ. მინდა, უპირველესად, მადლობა გითხრათ თქვენ, პრესის წარმომადგენლებს, მნიშვლეოვანი იყო ეს თანამშრომლობა, ურთიერთობა. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას თანამშომლობისთვის.
თქვენი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და მადლობა ყველაფრისთვის, ვინც გვერდში დაგვიდეგით“, - ამბობს ის ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შსს მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე მედია გააკრიტიკა და მათ პირდაპირი ეთერის შეზღუდვისკენ მოუწოდა.
უცნობია, რამ გამოიწვია შსს-ში პოზიციის შეცვლა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შსს არ იყო ერთადერთი, ვინც სპეცოპერაციის გაშუქების გამო მედია გააკრიტიკა.
კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა მედია ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც მედიის ქმედებებს საშიში და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი უწოდა.
„საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






