პოლიტიკური პარტია „რეფორმერი“ ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და უსაფრთხოების იმ რისკებზე მიუთითებს, რის წინაშეც ქვეყანა დგას. პარტიის გენერალური მდივანის, სოციალური მედიის ანალიტიკოსის ანი ჯაფარიძის განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის გატარების შემთხვევაშიც დასტაბილურდება კრიმინალური სიტუაცია და თავიდან ავირიდებთ რეგიონში არსებულ საფრთხეებს და გამოწვევებს.
ანი ჯაფარიძე: უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა რეგიონში მიმდინარე მოვლენების და პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური ფონი კიდევ უფრო ზრდის კრიმინალურ შემთხვევებს, რაც გარკვეულწილად ძალოვანი უწყებების უმოქმედობითაც არის გამოწვეული. ჩვენი პარტიის ხედვით, რაც პროგრამაშიც გვაქვს გაწერილი, სასწრაფოდ უნდა მოხდეს კრიმინალის პრევენციულ მოდელზე გადასვლა, ანალიტიკის განვითარება, საქმის წარმოების ბრიტანული მოდელის დანერგვა, ამას გარდა აუცილებელია .ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება და სპეციალური ანალიტიკური ცენტრის შექმნა, რომელიც ფოკუსირებულად იმუშავებს კრიმინალის პრევენციაზე.
ჩვენმა პარტიამ საარჩევნო პროგრამაში წარმოადგინა უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც მოიცავს ძირითად მიმართულებებს. ამ კონცეფციის დანერგვა გააუმჯობესებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციას და გაანეიტრალებს უსაფრთხოების რისკებს - აცხადებს პოლიტიკური პარტია „რეფორმერის“ გენერალური მდივანი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანი ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






