პარტია “რეფორმერი“ რუსული სპეცსამსახურების მიერ სახელმწიფო უწყებების სერვერებზე 2019 წელს განხორციელებულ კიბერთავდასხმების ფაქტებს ეხმაურება.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კიბერთავდასხმების გამო რუსეთის სამხედრო დაზვერვის ექვს ოფიცერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მათი განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებების და მედია ორგანიზაციების საიტებსა და სერვერებზე 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმების კვალი სწორედ რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამსახურამდე მიდის. ამერიკული მხარის განცხადებით, კიბერთავდასხმები მიზნად ისახავდა ქვეყანაში დესტაბილიზაციას.
როგორც პარტია რეფორმერის გენერალური მდივანი, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოციალური მედიის ანალიტიკოსი ანი ჯაფარიძე აცხადებს, ქვეყანა ჩართულია ჰიბრიდულ ომში რუსეთთან და ამ ომს ყველა პარამეტრით საქართველო აგებს, რეფორმერი ჯერ კიდევ თვეების წინ მოუწოდებდა შესაბამის სამსახურებს გაეთვალისწინებინათ კიბერშეტევების საფრთხეების მნიშვნელობა.
ანი ჯაფარიძე: „ ჩვენ დიდი ხანია ჩართული ვართ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში და ამ ომს ყველა პარამეტრით ვაგებთ. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას რუსეთის სპეცსამსახურების გააქტიურების და კიბერთავდასხმებში მათი მონაწილეობის შესახებ. არ გამოვრიცხავდით, რომ ეს შეტევები კიდევ უფრო გააქტიურებულიყო საარჩევნო პერიოდში. ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ეს შესაძლოა იყოს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნოლოგიური ასპექტით და რომლის მიზნებიც იქნება, კიბერშეტევები საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე და კიბერ ღონისძიებები, რომლებიც გატარდება პოლიტიკურ პარტიებთან, ორგანიზაციებთან„
როგორც „რეფორმერის“ გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე აცხადებს„რეფორმერის“ პოლიტიკური პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილია უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა უწყებების აქტივაციას და კონსოლიდირებულ მუშაობას, რაც თავისთავად, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სახელმწიფო სექტორში ერთიანი ხედვებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას. აღნიშნულ პროექტს შეუძლია კატალიზატორის როლი ითამაშოს და კიბერუსაფრთხოების საკითხის ირგვლივ ახალი ინიციატივები დააგენერიროს. აღსანიშნავია სახელმწიფო უწყებების ჩართულობაც და მათთვის განსაზღვრული როლები კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის იმპლემენტაციისათვის.
ანი ჯაფარიძე: „ჩვენი პროგრამით, კიბერუსაფრთხოების სფეროში შეიქმნება სრულფასოვანი ახალი კონცეფცია, რომელიც მოიცავს ბიუჯეტისა და ფონდების მოძიების შესახებ სტრატეგიის განსაზღვრას, ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის ოპტიმიზაციის საჭიროებას, კიბერკვლევითი ლაბორატორიის კვლევის საგნებზე პრიორიტეტების განსაზღვრას, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის საკითხს, კიბერრეზერვის პროექტს და ახალი რესურსების განსაზღვრას“.
„რეფორმერი“ კიბერუსაფრთხოებას მიიჩნევს ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად, რაც აისახა კიდეც პარტიის საარჩევნო პროგრამაში - აცხადებს ანი ჯაფარიძე, „რეფორმერის“ მთაწმინდა - კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
მასალის გამოყენების პირობები






