როგორც თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი ლევან მიქელაძე აცხადებს, მან თავდამსხმელები ამოიცნო და ისინი „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან. მიქელაძე, რომელიც ინციდენტის დროს საჭეს მართავდა, ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ორი ავტომობილით დაედევნენ. თავდამსხმელები ბოლნისის საკრებულოს თანამშრომელი ბექა წაქაძე და გოგი მეშველიანის შტაბის თანამშრომელი აჩიკო მინდიაშვილი იყვნენ:
„ბოლნისიდან მოვდიოდი თბილისის მიმართულებით, რა დროსაც ორი მანქანა ამედევნა, გადამიხერგეს გზა, ჩემს შეჩერებას ცდილობდნენ მაგრამ ვერ შემაჩერეს და ამ დროს გვერდი მომარტყა, რის გამოც გზის სავალი ნაწილიდან გადავვარდი, თუმცა ამოსვლა მოვახერხე და მაშინ გამიხსნეს ცეცხლი. ამის შემდეგ კიდევ ერთი შეჯახება მოახდინეს“ - აცხადებს მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრებზე შეიარაღებული თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. ავტომობილს, რომელშიც ოპოზიციის აქტივისტები ისხდნენ, ცეცხლი ექვსჯერ გაუხსნეს.
პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
მასალის გამოყენების პირობები






