„შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები, იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფოთში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთს განსაკუთრებული ფუნქცია ანტიკური პერიოდიდან ჰქონდა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფოთის განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„მოგესალმებით ფოთელებო! კახიმ კარგად გაიხსენა ფოთის მნიშვნელობა საქართველოსთვის, ფოთის პორტის მნიშვნელობა, საზღვაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა, თუმცა, უნდა დავამატოთ, რომ ანტიკური პერიოდიდან ჰქონდა ამ ქალაქს ეს ფუნქცია. ათასწლეულების წინ, თუმცა დიდი ნიკო ნიკოლაძის შემდგომ ამან სულ სხვა დატვირთვა მიიღო და გახდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის ინდუსტრიულად ძალზედ მნიშვნელოვანი ქალაქი. ეს მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფოთის განვითარება იმავე მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს.
უნდა შევთანხმდეთ და გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, რომ ფოთში ბევრი პრობლემებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები. იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება. თქვენ იცით, რომ უახლოეს პერიოდში გარდა პეის ტერმინალისა, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება ამ ნავსადგურის გაფართოება, დაიწყება ფოთის ძირითადი პორტის ჩრდილოეთით მშენებლობა, განახლება. ეს იქნება უდიდესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ფოთის პორტის ტვირთბრუნვა შემდგომში 10 მილიონი ტონით გაიზარდოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






