“კუბილიუსმა თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის არის საინტერესო, სასაცილოაო. ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო და მე პირადად გაოცებული ამ კომენტარით. ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, ვფიქრობ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და იმედი მაქვს, კუბილიუსი ამ თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
სინამდვილეში, ანდრიუს კუბილიუსს არ უთქვამს, რომ დავით გარეჯის საკითხი სასაცილოა. ის გამოეხმაურა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას. კუბილიუსისის მოსაზრებით, ამ გზით საქართველოს ხელისუფლებას რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადააქვს და სწორედ ეს არის სასაცილო. მან ტვიტერზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, (გთავაზობთ, უცვლელად) :
“ქართულმა უწყებებმა დააკავეს ორი საჯარო მოხელე “აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის უკანონო გადაცემის” ბრალდებით. აღსანიშნავია, რომ სადავო მოვლენები 2007 წელს უკავშირდება. სასაცილოა, “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად – სუსტი პასუხი პანდემიაზე და გაყინული ეკონომიკა”, – წერს კუბილიუსი, რომელიც ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის წევრია.
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა სცადა, პარლამენტის თავმჯდომარისთვის აეხსნა, რომ კუბილიუსის ნათქვამი იყო სხვა კონტექსტში, რასაც თალაკვაძის გაღიზიანება მოჰყვა და მან ჟურნალისტს კუბილიუსის განცხადებისგან გამიჯვნა მოსთხოვა.
“თქვენ არ ემიჯნებით? ამიხსენით, რა კონტექსტში ჰქონდა ნათქვამი? მოდიხართ და სამოქალაქო პოზიცია არ გაგაჩნიათ. როდესაც დგახართ სვეტიცხოვლის ეზოში და პოზიცია არა გაქვთ, ეს არის ძალიან ცუდი”, — მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტს.
თალაკვაძემ განაცხადა,რომ ხელისუფლება “არავის მისცემს უფლებას, რომ დავით გარეჯი და ნებისმიერი კულტურული და ეროვნული საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს”.
მასალის გამოყენების პირობები






