კომპანია „ბროლის“ ოფისში დღეს დილიდან სპეცდანიშნულების რაზმი იყო შესული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
ერთ-ერთმა გამომძიებელმა დავით ბაინდურაშვილმა, რომელიც ადგილზე საგამოძიებო პროცედურას ხელმძღვანელობდა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩხრეკა სასამართლოს მიერ გაცემული სანქციით ჩატარდა. მათ კომპანიიდან ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს. გამომძიებლის თქმით, საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, სადაც, მათი ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიის მიერ ხდებოდა საკმაოდ სოლიდური თანხის გათეთრება. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის წამოყვანა კი იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ დოკუმენტები, რომლის ამოღებაც უნდა მომხდარიყო, საკმაოდ დიდი რაოდენობის იყო.
„დანაშაული წარმოადგენს ტრანსნაციონალური ხასიათის ფულის გათეთრების საქმეს. აღნიშნული საქმის ფარგლებში რამდენიმე ობიექტზე, მათ შორის საცხოვრებელ სახლში, ჩატარდა ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედება. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ორგანიზაციის სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია. ამოღებული ნივთები ექვემდებარებოდა უსაფრთხო ტრანსპორტირებას, ასევე ჩხრეკის მიმდინარეობის უსაფრთხო განხორციელებისთვის საქმეში ჩართული იქნა სპეცდანიშნულების რაზმი. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა“ - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
სამშენებლო მასალების კომპანიის ტერიტორიაზე განთავსებულია საწყობი, რომელსაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები იყენებენ. სამშენებლო მასალების კომპანია „ბროლის“ დამფუძნებელი არაბი ბიზნესმენია, რომელიც ამჟამად საქართველოს მოქალაქეა. კომპანია ერთ -ერთ ოპოზიციურ პარტიას აფინანსებდა, რასაც ხელისუფლების რადიკალური გადაწყვეტილება მოჰყვა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ წინასაარჩევნო შეხვედრები მარნეულსა და გარდაბანში ჰქონდათ დაგეგმილი.
„ბროლის“ თანამეგობარი კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია, რომელიც არ უხდის ხელისუფლებას გარკვეულ თანხას, არის სწორედე ამგვარი ბიზნეს-ტერორის მსხვერპლი - მთავრობა სწორედ ასე ცდილობს დეფიციტური ბიუჯეტის შევსებას.
„ჩვენ ვუკავშირებთ ამას უშუალოდ, რომ სუს-ი აქტიურად უსმენს ჩვენს სატელეფონო საუბრებს. მათ პრევენცია განახორციელეს , რომ ჩვენთვის ჩაეშალათ ეს შეხვედრები, ხოლო მეორე მომენტია, რომ ყველა მეწარმის მიმართ ახორციელებენ ბიზნეს ტერორს“ - განაცხადა „ევროატლანტიკური ვექტორის“ წარმომადგენელმა ლაშა ბრეგვაძემ.
სახელმწიფოს ამ დაცარიელებული ხაზინის შევსება მეწარმეების დაყაჩაღებით სჭირდება. რომელი საუკუნეა, რაღაც დოკუმენტის ამოღებას რაში სჭირდება სპეცრაზმი? რა საჭიროა ამ ხალხის ასე დათრგუნვა? სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კანონის ჩარჩოებიდან გავიდა, შევარდნაძის პერიოდს დაუბრუნდა, იყენებს ძალოვან სტრუქტუირებს კონკრეტული ბიზნესმენების დასაყაჩაღებლად. ის კომპანიები, რომლებიც არ არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები და რაღაც გარკვეული დოზით ბრუნვები აქვთ, ასეთ სიტუაციაში არიან“ - განაცხადა „ევროატლანტიკური ვექტორის“ წარმომადგენელმა სერგო ჯავახაძემ.
„საქართველომ საგარეო ვალი 8 მილიარდის ოდენობით აიღო, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებსა და მის დამქაშებს შემოეჭამათ და სხვა გზა აღარ დარჩათ, მიადგნენ ბიზნესს, რომლიდანაც უნდათ, ამოიღონ ეს თანხა და აანაზღაურონ ის შეჭმული საგარეო ვალი. ფინანსური დოკუმენტების შესწავლა თუ უნდათ, აუდიტის სამსახურიც ჩვეულებრივად მოვიდოდა, წაიღებდა ყველა საჭირო დოკუმენტაციას და ამაზე კომპანია უარს არ აცხადებდა, რადგან არანაირი პრობლემა არ გააჩნია“ - განაცხადა მეწარმემ სერგო რომანოვმა.
სამშენებლო მასალების კომპანია „ბროლი“ 2010 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ჯამშიდ სორხქუჰია. კომპანიას სულ 6 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 4 წაგებულია, 1 შემდგარია, ხოლო ერთი მიმდინარე. ტენდერი, რომელიც მოიგო, შპს "თიანეთის წყალმა" შეისყიდა.
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, კომპანიას საანგარიშგებო პერიოდში აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს; შემოსავალი 2 მილიონ ლარს; ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება. ის მეოთხე კატეგორიის საწარმოს წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბროლს“ ანგარიშგება წარდგენილი არ აქვს . ცნობისათვის, მეოთხე კატეგორიის საწარმო გათავისუფლებულია აუდიტის მოთხოვნისაგან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






