ევროპული საქართველოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართა.
ევროპული საქართველოს ახალგაზრდა სპიკერის, თათია ვახტანგაძის თქმით, ხელისუფლებამ ვერცერთ გამოწვევას ვერ გაართვა თავი და მთავრობის ჩაფლავება ყველაზე კარგად ლარის კურსში ჩანს.
აქციის მონაწილეებმა, დემონსტრაციულად, ჰაერში კუპიურები აყარეს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.
„ჩვენ აქ მოვედით იმის საჩვენებლად, რომ გვყავს სრულიად ჩაფლავეული ხელისუფლება, რომელმაც ვერც ერთ გამოწვევას ვერ გაართვა თავი, მათ შორის ვერც პანდემიას,ვერც ეკონომიკურ კრიზისს და ვერც სიღარიბეს და უმუშევრობას. ეს ჩაფლავებული მთავრობა ყველაზე კარგად ჩანს ლარის კურსში - მათი მმართველობის დროს ლარი გაუფასურდა 60%-ით.
ამ ბანერებზე ხედავთ ამ უპასუხისმგებლო მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ლარის კურსზე. ისინი ყველაფერს და ყველას აბრალებენ ლარის გაუფასურებას, გარდა საკუთარი თავისა.
ამიტომ აქ მოვედით იმის სათქმელად, რომ ლარის ასეთი კურსი არის მთავრობის ბრალი და რომ ამ ხელისუფლებას მხოლოდ ერთი კაცის აზრი აინტერესებს, ივანიშვილის და არა ქვეყნის. ამიტომ აქ მოვიტანეთ ეს ძვირფასი კუპიურები ივანიშვილის გამოსახულებით.“ - განაცხადა თათია ვახტანგაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






