ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხზე საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატენი და კლაუდ კერნი საერთო სასამართლოების შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დღეს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურებიან.
ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე, რის გამოც, ვენეციის კომისიის დასკვნაში მოყვანილი რამდენიმე საკვანძო რეკომენდაცია და საკითხი განახლებულ კანონმდებლობაში არ აისახა.
გთავაზობთ განცხადებას:
"ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი რეკომენდაციით, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო შესწორებების შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრება ითხოვა. ეს უზრუნველყოფდა იმას, რომ კანონმდებლობის წინა ვერსიასთან ვენეციის კომისიის პრეტენზიები და რეკომენდაციები სრულად შესრულდებოდა.
თუმცა ვენეციის კომისიის დასკვნით ნათელი ხდება, რომ ეს ასე არ მოხდა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია სინანული გამოვხატოთ იმის გამო, რომ პარლამენტმა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის დადებამდე მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეკომენდაცია ვენეციის კომისიის ყოფილი მოსაზრებებიდან, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებებისთვის არგუმენტაციის თანდართვასთან დაკავშირებით, შესრულდა, რამდენიმე საკვანძო საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება. ეს განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების და ხმის მიცემისა და საბჭოს წევრთა სახელების გასაჯაროვების საკითხს ეხება.
ეს რეკომენდაციები კვლავ შესასრულებელია, იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეიქმნას ადეკვატური საკანონმდებლო ბაზა, ისეთი სენსიტიური საკითხის გადაჭრისთვის, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა საქართველოში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაცხადებულად უერთგულონ ვენეციის კომისიის დანარჩენ რეკომენდაციებს, ახალი პარლამენტის მოწვევისთანავე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






