რიტა ზურაბაშვილი კამერების წინ არ ჩნდება, მის სახლთან მისულ ჟურნალისტებს კი კარს უხურავს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. მისი ახალი სტატუსი კი ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს კითხვის ნიშნებს უჩენს.
ბაჩალიაშვილის ოჯახისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა, არ გაკვირვებიათ. გარდაცვლილი პროგრამისტის დედის განცხადებით, „ოცნების“ რიგებში ჩაწერა რიტა ზურაბიშვილისთვის ერთგვარი ჯილდო იქნებოდა, რადგან ის ყოველთვის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი იყო:
„ეტყობა დააწინაურეს, იმიტომ მიწერდა ფეისბუკში კომენტარებს - თეონა, შვილო, დაწყნარდი, ბედს შეეგუეო. ეტყობა ასე დაარიგეს და დაწინაურებას შეპირდნენ, ალბათ უთხრეს, გააჩერე შენი დიშვილიო. მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელებს ვეძებ, არ მაინტერესებს არანაირი პარტია, მას კი აინტერესებდა. იმიტომ მოხდა ჩვენს შორის შეჯახება, რომ ყველა ზომას მივმართავდი ჩემი შვილის მკვლელების საპოვნელად, ის კი მეწინააღმდეგებოდა და მეუბნებოდა, რომ თვითმკვლელობა იყო და უნდა შევგუებოდი“ - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
რიტა ზურაბაშვილი ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას შვილიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და აცხადებდა, რომ გოგონამ თავი მოიკლა და გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავდა. ის ასევე აღნიშნავდა, რომ ოპოზიციური ძალები ბაჩალიაშვილის სიკვდილის გამოყენებით ხელისუფლების დამხობას გეგმავდა.
მასალის გამოყენების პირობები






