ქართული ოცნების ლიდერი, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტების გარდა, სხვა პირებსაც დაეკისროთ პასუხისმგებლობა.
მისი თქმით, არ გაუკვირდება, თუ სასამართლო სახელმწიფო ღალატს დაადასტურებს.
"თუკი დანაშაული არსებობს, რომ ამ ორ ადამიანს ეკისრა ის მძიმე შედეგების მქონე დანაშაული, რომელთანაც, სავარაუდოდ, გვაქვს საქმე, თუკი ეს დადასტურდა, მე ვფიქრობ, წრე იმ ადამიანების ვინც პასუხისმგებელია გაიზრდება. წინასწარი მონაცემებით, ის ადამიანები რომლებიც ყველაზე ხმამაღლა გაკივიან, არიან სწორედ ისინი, ვისაც უნდა მიექცია მეტი ყურადღება, სახელმწიფოს არ ჰქონოდა ასეთი ზარალი.
ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, არ მიკვირს, თუკი გამოძიება დაადგენს და სასამართლო დაადასტურებს, რომ სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი", - აცხადებს გია ვოლსკი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






