საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საუბარია უმაღლესი დაცულობის დოკუმენტზე, რომელიც ერთი ფარატინა ქაღალდი არაა და თუ მართლაც ხდებოდა ამ დოკუმენტის დამალვა, თავის მხრივ ეს მთელი რიგი ადამინების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნიშნავს, რადგან „ასეთი ტიპის დოკუმენტს ერთი ადამიანი არ ატარებს ჯიბით“.
„ ეს კომისია 24 წელია არსებობს, ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლესი საიდუმლოების მქონე კომისიაზე ორ ქვეყანას შორის, ეს ხომ არაა სოფლის ქოხ-სამკითხველო, რომელშიც შემთხვევით „სამი მუშკეტერი“ ხელს გააყოლე და მერე მოიტანე და სადღაც სხვაგან დადე, ან ფურცლები იყო ამოხეული. ვსაუბრობთ უმაღლესი დაცვის ხარისხის დოკუმენტზე, რომელსაც დაცვის, შენახვის, გაცემის დეტალური ნუსხა გააჩნია და ამაზე მთელი რიგი უწყებებია პასუხისმგებელია. ეს არაა ერთი ფარატინა ქაღალდი. ეს დოკუმენტები სპეციალური პროცედურებით ინახება, მიხვედი ჩააბარე, ხელი მოაწერე, წერია რამდენი საათით გქონდა გატანილი, ასეთ დონეზე ინახება. ვსაუბრობთ 24- წლიან პროცესზე, ათეულობით ადამიანი ზის ორივე მხრიდან კომისიაში.
ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ვითარებაში შეფასებისას არის ის, რომ ეს ხდება აბსოლუტურად პარანოიდული მდოგმარეობიდან გამომდინარე, რომელიც არის არჩევნების წინ და ვიცით რა პარანოიაცაა „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. „ქართული ოცნება“ პარანოიაშია, არ ვიცი რატომ აქვთ ეს პარანოია, მე პირადად არასდროს მშინებია ამ პოლიტიკური ძალის. ამ 24 წლის განმავლობაში ამ კომისიაში ალბათ 50-მა კაცმა გაიარა, გამოვიდნენ და პოზიცია დააფიქსირონ. პროკურატურამ და კომკავშირულ უნისონში „ქართულმა ოცნებამ“ სადღეგრძელოები მიუძღვნა, ადამიანს ბრალი დასდო. ეს უკვე საჯარო პროცესია. ამ ადამიანს საჯაროდ დასდეს ბრალი, პროკურატურას უფლება აქვს, მერე გამოვიდნენ პოლიტიკოსები, გულანთებული პატრიოტები, საყდრისის ამფეთქებლები და გამოავლინეს ეს ადამიანი, თუ ვინმემ ამ ადამიანის თაობაზე იცის, საჯაროდ უნდა თქვას“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






