IDFI-ის კვლევა: "ყველაზე მეტი საწვავი დეპუტატმა ილია ნაკაშიძემ მოიხმარა, ყველაზე დიდი მანძილი კი, დიმიტრი ხუნდაძემ გაიარა"
პოლიტიკა - 14:34, 07 Oct, 2020     1489

საქართველოს პარლამენტარების საწვავის ხარჯები 2018-2019 წლებში - კვლევას IDFI ავრცელებს.


"2019 წლიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან სრულად თბილისში გადმოვიდა. პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მიერ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება დასახელდა, რაც დაკავშირებული იყო ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებასთან. მათ შორის, აქტიურად განიხილებოდა ქუთაისის პარლამენტის შენობის დედაქალაქთან სიშორე, რაც პარლამენტარების ავტომობილით გადაადგილებისას როგორც დროით, ასევე მატერიალურ რესურსს მოითხოვდა.

კვლევის ფარგლებში, IDFI-მ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა 2018-2020 წლებში საქართველო პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის და გავლილი კილომეტრაჟის შესახებ ინფორმაცია. კვლევის პერიოდი, ასევე ემთხვევა კორონავირუსის პანდემიის შედეგად ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს, როდესაც დაწესებული იყო კომენდანტის საათი და მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო ავტომობილებით გადაადგილება.

საქართველოს პარლამენტიდან სრულყოფილად მოწოდებულმა ინფორმაციამ IDFI-ს საშუალება მისცა შეესწავლა 2018-2020 წლებში პარლამენტარების მიერ საწვავის მოხმარების და დაფარული მანძილის მონაცემები. ამასთან, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობის ცვლილების, საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადაადგილების დაწესებული შეზღუდვების და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გავლენა მსგავს ხარჯებზე.

ძირითადი მიგნებები

- პარლამენტის ბალანსზე რიცხული 98 ავტომობილიდან 50 განპიროვნებულია პარლამენტის წევრებზე, რომელთა შორის ჭარბობს 2015 წელს შესყიდული TOYOTA CAMRY-ის მოდელის ავტომობილები.

- 2019 წელს (პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ), წინა წელთან შედარებით, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა.

- 2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7,791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7,197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7,071 ლიტრი), მამუკა მდინარაძემ (7,015 ლიტრი) და ზაზა გაბუნიამ (6,771 ლიტრი) მოიხმარა. მათ მიერ მოხმარებული საწვავი აღემატება ან/და დაახლოებით იგივე ნიშნულზეა რაც 2018 წელს, როცა პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა.

- 2019 წელს 15 დეპუტატის შემთხვევაში, დაფარული მანძილი აღემატება 50 ათას კილომეტრს. მათ შორის ყველაზე დიდი მანძილი დაფარეს - დიმიტრი ხუნდაძე - 59,946 კილომეტრი, გიორგი ბეგაძე - 57,415 კილომეტრი, ზაზა გაბუნია - 56,420 კილომეტრი, ილია ნაკაშიძე - 55,966 კილომეტრი.

- 2019 წელს საქართველოს პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ფარავდნენ 41,775 კილომეტრს, ხოლო 2018 წელს 48,544 კილომეტრს.

- პარლამენტარების მიერ ათვისებული საწვავის რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ იცვლება იმ თვეებშიც, როცა 1 კვირიან ან უფრო ხანგრძლივ მივლინებებში იმყოფებიან საზღვარგარეთ.

- 2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში (საგანგებო მდგომარეობის პერიოდი), წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, პარლამენტარების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობა დაახლოებით 30%-ით (14 ათასი ლიტრით) შემცირდა.

- საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (აპრილი-მაისი) ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა დიმიტრი ხუნდაძემ (1,128 ლიტრი), გიორგი წერეთელმა (1,119 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (1,073 ლიტრი), მარიამ ჯაშმა (1024 ლიტრი) და რატი იონათამიშვილმა (955 ლიტრი).

- საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სხვადასხვა დეპუტატზე განპიროვნებულმა ავტომობილებმა (მაგ. დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი წერეთელი, გოჩა ენუქიძე, ირმა ინაშვილი, რატი იონათამიშვილი) საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უფრო მეტი საწვავი მოიხმარეს, ვიდრე წინა წლის იგივე თვეებში.

დასკვნა

ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ნებისმიერი ხელისუფლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაციონალური განკარგვა, რადგან სახელმწიფო ავტოპარკის პერიოდული განახლება და შენახვა მნიშვნელოვან დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პარლამენტარების მიერ არაერთხელ გაჟღერებულა სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის რეფორმის აუცილებლობის საკითხი. მიუხედავად ამისა, წინამდებარე კვლევაში პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილების მაგალითზე წარმოდგენილი ანალიზი, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მზაობასა და გულწრფელ დამოკიდებულებაზე სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით.

კერძოდ, კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის გავლენაზე საწვავის ხარჯებზე, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში საეჭვოდ მაღალი აქტიურობა, ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ავტოპარკში რიცხული ავტომობილების განკარგვის ხარჯთ-ეფექტურობასა და მიზნობრიობას. ამასთან, ანალიზის შედეგად, თვალსაჩინო გახდა პარლამენტარების საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის პერიოდში ავტომობილების განკარგვის კონტროლის მექანიზმების გამკაცრების საჭიროებაც.

საქართველოს პარლამენტის ბალანსზე რიცხული ერთი ჰიბრიდული ავტომობილის მაგალითზეც, თვალსაჩინოა მსგავსი ავტომობილების უპირატესობა მათი ეკონომიურობის თვალსაზრისით. კერძოდ, სხვა ნებისმიერი პარლამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილის საშუალო წვის მაჩვენებელი მინიმუმ ორჯერ აღემატება ჰიბრიდული ავტომობილის მაჩვენებელს. შესაბამისად, პარლამენტის ავტოპარკის განახლებისას მიზანშეწონილია მსგავსი გარემოების გათვალისწინება და არჩევანის ეკონომიურ და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე გაკეთება.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ინსტიტუტის კვლევებში სახელმწიფო ავტოპარკის განკარგვასთან დაკავშირებით გამოვლენილ სისტემურ ნაკლოვანებებზე განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი და არსებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42