ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, ბიუჯეტის ახალ პროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი.
ნადირაშვილის თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და ადამიანები შიმშილობენ, ქართული ოცნება ზრდის ჩინოვნიკების ხელფასებს და ასაქმებს პარტიულ მუშაკებს საჯარო სამსახურებში.
ნადირაშილის თქმით, ეს არის წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯები, თუმცა როგორც მან აღნიშნა, მაშინ როდესაც ქვეყანაში 800 000 ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაშია, მთავრობის ასეთი გადაწყვეტილება არის უსინდისობა და უტიფრობა.
„ჯერ-ჯერობით გვაქვს ვითარება, როდესაც მთავრობის აბსოლუტურად უტვინო პოლიტიკის გამო, მათ შორის, კოვიდთან მიმართებაში, ეკონომიკა მიწასთან არის გასწორებული. გვაქვს ეკონომიკაში ძალიან დიდი მინუსი, ყოველდღიურად უკან-უკან მივდივართ და ხალხი ღარიბდება, ასეთი პროგნოზი, რომ იქნება 5%-იანი ზრდა, ეს არის ფანტასტიკის სფერო ჩვენი არაკომპეტენტური და უსინდისო ხელისუფლების პირობებში.
რაც შეეხება ბიუჯეტის ახალ პროექტს, სადაც ჩინოვნიკებისათვის ხელფასების ზრდა არის დაანონსებული, ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს სჭირდებათ წინასაარჩევნოდ, ხმებისთვის მაგრამ ეს არის უტიფრობა და უსინდისობა, როდესაც ქვეყანაში არის 800 000 ადამიანი, რომელსაც დღეში მხოლოდ 3-4 ლარის დახარჯვა შეუძლია საკუთარი შვილების გამოსაკვებად და ამ დროს ვიგებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო და სხვა სამინისტროები ბიუჯეტს ზრდიან, ეს არის დამოკიდებულება ქართული ოცნების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ, მათ ფეხებზე კიდიათ საკუთარი მოქალაქეები.“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






