ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ტვირთების გატარება შეაჩერა.
ზალკალიანის თქმით, ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს, ქართული მხარე სრულად ასრულებს.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამ მიმართულებით, გახლდათ ის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე, ჩვენი პარტნიორები ინფორმირებული იყვნენ. ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე და ყველა ქმედების შესახებ, რაც არის მიღებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ისინი იყვნენ ინფორმირებული. რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენ ვიქნებით მომავალშიც ერთგული ამ საერთაშორისო ვალდებულებების“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






