გლდანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისთვის მარათონში პარტია "რეფორმერის" წევრი 29 წლის ხატია ქობალიაც ჩაერთო. ის პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტია. მუშაობდა ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელად, ასევე ბრიუსელში ევროპარლამენტში, EPP ჯგუფში, UNDP -ის პროექტის მენეჯერად. ხატია ქობალია გაეროს მოდელირების ასოციაციის ხელმძღვანელია საქართველოში.
_ რატომ გახდით პარტია "რეფორმერის" წევრი?
_ პოლიტიკიდან შორს არც აქამდე ვყოფილვარ, თუმცა ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობით შემოვიფარგლებოდი და ჩემს პროტესტს გარედან, სამოქალაქო აქტივობით ვაფიქსირებდი. ვერ ვხედავდი გაერთიანებას, ვისთანაც იდეოლოგიური თანხვედრა მექნებოდა, ვისთვისაც ახალგაზრდები მნიშვნელობას მხოლოდ საარჩევნო აგიტაციისთვის არ შეიძენდნენ, ვისთვისაც ჩვენი პრობლემები, განათლების სისტემა და მომავალი მართლაც მნიშვნელოვანია. ვისთვისაც რუსული ოკუპაცია პრობლემაა არა მხოლოდ კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით და აგვისტოში, არამედ ყოველდღე და ყოველ წუთს. ჩემი ნდობის ფაქტორი არსებული პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მიმართ ყოველთვის დაბალი იყო. 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ. იცვლება მხოლოდ პარტიის სახელები და არაფერი სხვა. შესაბამისად ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება შენი მომავალი დაუკავშირო ადამიანთა გუნდს, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნისა და ერის წინაშე და თან ცვლილებებსა და მომავალზე საუბრობენ.
"რეფორმერზე" არჩევანი სწორედ მისი განსხვავებული იდეოლოგიის და ღირებულებების გამო გავაკეთე, ეს არის ახალგაზრდების პარტია, რომელთაც აქვთ სუფთა წარსული და სურთ დანერგონ ახალი სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში. მე მჯერა რომ ჩვენს თაობას აქვს უნარი არ მოექცეს ძალაუფლების გავლენის ქვეშ და არ დაკარგოს რეალობის შეგრძნება. ფაქტია, რომ ქვეყანაში ცვლილებების დროა, მომავალი თაობის დროა, რომელმაც მთელი ენერგია და ენთუზიაზმი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უნდა ჩადოს. მთავარია ის ცოდნა და ახალი იდეები, რაც ჩვენ გაგვაჩნია სწორ დროსა და სწორ ადგილას გამოვიყენოთ. სწორედ ეს გუნდი არის "რეფორმერი", რომელიც ამ იდეების განხორციელებას შეძლებს.
_ რატომ გადაწყვიტეთ საარჩევნო მარათონში ჩართვა გლდანის რაიონში და კონკრეტულად რა ინიციატივები გაქვთ ამ რაიონის მოსახლეობისთვის?
_ სკოლა გლდანში დავამთავრე. შემდეგ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმატში ვიმუშავე სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის იყო ოლქის კვლევა და პრობლემების იდენტიფიცირება, ასევე გვქონდა საგანმანათლებლო პროექტი რაიონის ახალგაზრდებისთვის. ვატარებდი ტრენინგებს შშმ პირთა უფლებების შესახებ გლდანის სკოლებში. ამ პერიოდში აქტიური შეხება მქონდა გლდანის მოსახლეობასთან, ძირითადად ახალგაზრდებთან და კარგად ვიცი, რა პრობლემები აქვთ მათ.
გლდანი ტერიტორიულად და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია, აქ ადამიანებს იგივე პრობლემები აქვთ, რაც არსებობს მთელ ქალაქში - მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გარდა მოსახლეობას აწუხებს ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პრობლემები, აქვთ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. ამ პრობლემების მოგვარება არ არის რთული, როდესაც არსებობს ნება და სურვილი, მათი გადაჭრა კი, პირველ რიგში მოსახლების ჩართულობით და აქტიურობით უნდა მოხდეს.
სამწუხაროდ, გლდანში არ არსებობს ისეთი სივრცე, სადაც ახალგაზრდებს განვითარების, განტვირთვის საშუალება ექნებათ. თუ შესაძლებელია კაფე- ბარების და სავაჭრო მოლების აშენება, რატომ არ შეიძლება გაკეთდეს შემეცნებითი და საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც მოხდება ახალგაზრდებისთვის საინტერესო გარემოს შექმნა?!
მიმაჩნია, რომ სამართლიანი იქნება ჩემი კანდიდატურა დავაყენო გლდანის ოლქში, რადგან კარგად ვიცი რა უჭირთ აქ მცხოვრებ ადამიანებს და როგორ დავეხმარო მათ. გლდანის მოსახლეობას ჩემი სახით საქართველოს პარლამენტში ეყოლება წარმომადგენელი, რომელიც დღის წესრიგში დააყენებს მათი პრობლემების გადაჭრის საჭიროებასა და აუცილებლობას. "რეფორმერის" მთავარი იდეოლოგია არის პირდაპირი დემოკრატია, ადამიანების ჩართულობა პროცესებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გლდანის მოსახლეობა თავად იღებდეს მონაწილეობას და იყოს ჩართული ჩვენი რაიონისთვის მნიშვნელოვან პროცესებში, ამას გავაკეთებ არა მხოლოდ მანდატის ფარგლებში და ოთხი წლის განმავლობაში, არამედ ყოველთვის, როცა მათ ამისი საჭიროება ექნებათ. ამას აკეთებდა "რეფორმერი", როგორც საზოგადოებრივი პლატფორმა და ასე გააგრძელებს მომავალშიც, უკვე როგორც პოლიტიკური პარტია.
მასალის გამოყენების პირობები






