ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ გოგონას გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს. აღნიშნულის შესახებ რამიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.
ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს გულისხმობს და არის თუ არა მასში საქართველოს სპეცსამსახურები ნაგულისხმევი.
„ეტყობა, თავის საქმიანობიდან გამომდინარე, მას ჰქონდა რაღაც ისეთ ინფორმაციასთან შეხება, რომელმაც ასეთი შედეგი მოუტანა მას...ჯგუფური მკვლელობა გამორიცხული არ არის, იმიტომ, რომ ეს ერთი კაცის გაკეთებული არ არის, დეტალურად საუბარი არ შემიძლია“, - აცხადებს რამიშვილი.
კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ჯგუფური მკვლელობის განმახორციელებლად, კრიმინალურ სამყაროს თუ სპეცსამსახურებს, რამიშვილი პასუხობს, რომ სპეცსამსახურებს.
„სპეცსამსახურები... ყველაფერი შესაძლებელია, მაგას უკვე გვანახებს, ვის რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს და ვინ რა ინტერესით იმოქმედებს ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. იდეალური ხომ იცით, არაფერი არ არის, ყოველთვის რაღაც მაინც რჩება, რაღაცები უნივერსალურად შეიძლება, ვერ გათვალო“, - განაცხადა რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






