ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის პანდემიას ღმერთის წყალობით გადაურჩა.
იგი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, Covid19-ს მსოფლიოც გადარჩენოდა.
"ღვთის მადლით, საქართველო გადარჩა. კარგი იქნებოდა, რომ მსოფლიოც გადარჩენოდა, მაგრამ ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს. მსოფლიოში საჩვენებელი ადამიანები ვართ. თორემ ჩვენ ექიმებზე ბევრად ძლიერი ექიმები არ ჰყავთ მსოფლიოში?! თუ არა ღმერთი, ვერავინ დაგიფარავს", - განაცხადა სასულიერო პირმა
სასულიერო პირის თქმით, შესაძლოა, ვითარება დაიძაბოს, თუმცა მოქალაქეებს უფლის იმედი უნდა ჰქონდეს.
"ის დიდი დანაშაული, რაც ახლა კაცობრიობამ გააკეთა, იმის მაგივრად რომ ღმერთთან ეთხოვათ, ტყუილები ვთქვით - სახლში დავრჩეთ და ვილოცოთო. ეკლესიაში ხომ თავს იკლავდით ლოცვით, ახლა სახლში რომ მივიდოდნენ, რამეს ილოცებდნენ, ვის სჯერა მაგის. ეს დანაშაული და ბოროტება არ უნდა გავიმეოროთ. შეიძლება უარესებიც მოხდეს, მაგრამ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს", - თქვა ეპისკოპოსმა.
მეუფე იაკობმა პირბადეების სავალდებულო ტარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეები ამით თავს კორონავირუსისგან დაიცავენ, თუმცა მათ შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეექმნათ, თანაც "სიკვდილს ადამიანი ვერსად გაექცევა":
"გახვალ გარეთ და ადამიანი ადამიანს აღარ ჰგავს. ამ სიცხეში, რომ პირბადეს გაიკეთებ, ვინ გაძლევს გარანტიას, რომ მომავალ წელს ვისაც სასუნთქი გზების პრობლემა ვისაც აქვს, ის კარგად გააგრძელებს ყველაფერს. მარტო ერთ დაავადებას გაექცე და სხვას არაფერს უყურო, სიკვდილს ადამიანი ვერსად გაექცევა, ვერც სახლში ჩაკეტვით" - ამბობს მეუფე იაკობი.
მასალის გამოყენების პირობები






