საქმის მასალების თანახმად კი "ტოიოტა ქამრიში" 6 პირი - ვახო ჩიქოვანი, ვასო მახარაძე, ნიკო რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, არასრულწლოვნები - ა.ქ. და ზ.ს ისხდნენ.
აღსანიშნავია, რომ შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გუშინ გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თქვა მხოლოდ ის, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა) უნდა გასამართლდნენ.
"ნიუპოსტმა" შაქარაშვილის ბიძის ფურცლებზე სწორედ "ტოიოტა ქამრიში" მსხდომი პირების გვარები დააფიქსირა.
ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, კვალიფიკაციის დამძიმებას არ ელოდებიან დაკავებულების ადვოკატები. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მათ დანაშაულს დაამტკიცებს. "სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძმდება. აღნიშნულს არცერთი მტკიცებულება ზურგს არ უმაგრებს", - ამბობს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.
შაქარაშვილები კი ამბობენ, რომ 19 ივნისის ღამეს გიორგის ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მდინარეში ჩააგდეს.
გუშინ გასაჯაროებული ექსპერტიზით მტკიცდება, რომ შაქრაშვილი წყალში ჩაგდების დროს ცოცხალი იყო. ამასთან, მას სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებებიც აღენიშნება.
რა წერია საქმის მასალებში
საქმის მასალების მიხედვით, ჩამოთვლილი 6 პირიდან 3 მათგანი წვეულებაზე არ იმყოფებოდა, თუმცა ვახტანგ ჩიქოვანის ორგანიზებით ისინი ნაძალადევის რაიონიდან წავიდნენ, ჩიქოვანისვე „ტოიოტა ქამრით“, რომრლსაც ვასილ მახარაძე მართავდა .
საგამოძიებო მასალების თანახმად, „ვახტანგ ჩიქოვანი თავისი და ნ.ხ.-ს ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, ფიზიკური ძალის მობილიზებისათვის თავისი და გიგა ტატიაშვილის ავტომობილებით თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდა თბილისში“.
ვახტანგ ჩიქოვანმა ნ.ც.-სა და გიგა ტატიაშვილთან ერთად მობილიზება გაუწია ფიზიკურად ძლიერი პირების შეკრებას, რის გამოც ნაძალადევის რაიონში მიაკითხეს ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ნიკა ჟვანიას და წაიყვანეს მცხეთაში.
საქმის მასალების თანახმად, საბედისწერო ღამეს, არაგვის ხიდის მიმდებარედ მყოფ შაქარაშვილსა და მის მეგობრებს პირველად 00:37 საათზე „მერსედესში“ მყოფი პირები დაესხნენ თავს და წავიდნენ.
„მერსედესის“ წასვლის შემდეგ კი იმავე ადგილზე 6 წუთში „ტოიოტა ქამრი“ მივიდა, რა დროსაც ხიდთან მყოფი დაზარალებული ახალგაზრდები ხიდის მიმართულებით გაიქცნენ, „ტოიოტას“ მგზავრები კი მათ დაედევნენ.
მომხდარიდან 4 დღის შემდეგ კი არაგვში გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს.
ავტორი: დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






