საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, ბესიკ ლიპარტელიანის განცხადებით, მას უახლოეს მომავალში ჩაანაცვლებენ, რადგან ფედერაციის საპრეზიდენტო არჩენებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ლიპარტელიანი განცხადებას ავრცელებს:
"2001 წლის ბოლოდან დღევანდელ დღემდე გახლავართ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. არ შევუდგები ამ პერიოდის განმავლობაში ფედერაციის საქმიანობის შეფასებას, რადგან აღნიშნული საქმიანობის მთავარი მსაჯული, პირველ რიგში, საკალათბურთო საზოგადოება და გულშემატკივარია. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსა და ორგანიზაციას, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა ქართული კალთბურთის საკეთილდღოდ: ჩემს თანაგუნდელებს, ფედერაციის თანამშრომლებს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს, სამსაჯო კორპუსს, სამედიცინო პერსონალს, ვეტერან კალათბურთელებს, სახელმწიფო მოხელეებს, სპონსორებს, გულშემატკივრებს. მათი შრომა და თანადგომა ქართული კალათბურთის მიმართ იყო უმნიშვნელოვანესი და ძალზედ ფასეული ამ რთული წლების განმავლობაში. ვაცხადებ, რომ 2013 წლის 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კლათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იქნას არჩეული მხოლოდ საკალათბურო საზოგადოების მიერ.
სწორედ ამ მიზნით გაიმართა ფართომასშტაბიანი შეხვედრები საკალათბურთო საზოგადოებასთან და მათი აზრები იქნება მაქსიმალურად გათვალიწინებული. ამა წლის 15 ნოემბერს ფედერაციის გამგეობა დაასახელებს პრეზიდენტის არჩევის წესს და დელეგატთა ვინაობას. ჩემი განცხადებით, რომ მე არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, აბსოლუტურ თავისუფლებას ვანიჭებ ფედერაციის გამგეობას, რათა მათ ობიექტურად შეძლონ ღირსეული დელეგატების ვინაობის დასახელება, რომლებიც იქნებიან ამ ეტაპზე ქართული საკალათბურთო საზოგადოების აზრის ობიექტურად გამომხატველნი", - ნათქვამია ლიპარტელიანის განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები






