გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ხელისუფლებას სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს. განცხადება გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არ არსებობს დაავადების გავრცელების ტემპსა და სკოლების გახსნასა ან დახურვას შორის კავშირი.
განცხადებაში ასევე საუბარია იმ უარყოფით ზეგავლენაზე, რაც სკოლების დახურვას ბავშვების ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე აქვს.
„კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად და ზრდის ზომიერი ტემპის შესანარჩუნებლად საქართველომ მკაცრი ზომები გაატარა. არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომ ბავშვები და სკოლები არ წარმოადგენენ ქვეყნებში დაავადების გავრცელების მთავარ ფაქტორებს. ფაქტობრივად, არ არსებობს დაავადების გავრცელების ტემპსა და სკოლების გახსნასა ან დახურვას შორის კავშირის მტკიცებულება.
იმავდროულად, არსებობს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კვებაზე, უსაფრთხოებასა და სწავლაზე სკოლების დახურვის უარყოფითი ზეგავლენის ძლიერი მტკიცებულება. როდესაც ბავშვები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ დადიან სკოლაში, იზრდება ფიზიკური, ემოციური და სქესობრივი ძალადობის რისკი, უარესდება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა. იზრდება მათი დაუცველობა ბავშვთა შრომის საფრთხის მიმართ და ალბათობა, რომ ისინი ვერ მოახერხებენ თავის დაღწევას სიღარიბისათვის. ყველაზე გარიყული ბავშვების სკოლის გარეშე ყოფნამ, თუნდაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, რომელთა მოქმედებაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გასტანს. ამასთანავე, არასათანადო განათლების მქონე ბავშვების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაბალია.
სკოლების გახსნის დროის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და მთლიანად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს სკოლების გახსნის დადებითი მხარეებისა და რისკების შეფასებას, მტკიცებულებებს, მათ შორის, განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს. სკოლებში უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი ღონისძიებები, მოხდეს ადაპტაცია რისკების ან ადგილობრივ დონეზე კორონავირუსის გავრცელებასა და მდგომარეობის ცვლილების შესახებ მიღებული ახალი ინფორმაციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






