ანა და დათო იმედაშვილების ოჯახში ძალიან კარგი სიახლეა. წყვილი კიდევ ერთი შვილის მოლოდინშია.
ანა იმედაშვილი ამბობს, რომ მისი ორსულობის ამბავი სიურპრიზი იყო, თუმცა ნამდვილად სურდათ კიდევ ერთი შვილი.
ანნა იმედაშვილი: ეს ამბავი ჩვენთვის სიურპრიზი იყო. თუმცა, რეალურად, გვინდოდა კიდევ ერთი შვილი. პეტრე ითხოვდა (იცინის). ყველა დღე ამ თხოვნით თენდებოდა და ღამდებოდა. როდის მეყოლება დაიკო ან ძამიკო, სულ ამაზე გველაპარაკებოდა. კორონა რომ გავრცელდა, ზუსტად იმ დროს გავიგე ფეხმძიმობის შესახებ. თუმცა, ჯერ კარანტინი არ იყო გამოცხადებული. იმ სიტუაციაში ეს რომ გავიგე, სიმართლე გითხრათ, შოკში ჩავვარდი, გაორება მჭირდა. ირგვლივ ისეთი ამბები ხდებოდა, ძალიან დავიძაბე. მაგრამ დათო, როგორც ყოველთვის, გვერდით მედგა და მამშვიდებდა, სულ მიმეორებდა: შენ ნურაფერზე ნერვიულობ, ბავშვს ნუ დასტრესავ, ყველაფერი კარგად იქნებაო. პირველმა ტრიმესტრმა, პრაქტიკულად, კარანტინში გაიარა.
ფეხმძიმობით გამოწვეულ ბედნიერებასთან ერთად, შიშის გრძნობაც დამეუფლა, მაგრამ როგორღაც დავძლიე და შემდეგ ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს იქით ვამხნევებდი, ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. თუმცა, როგორც ჩანს, ჰორმონებმა და ირგვლივ არსებულმა ზოგადმა განწყობამ თავისი ქნა და მაინც ძალიან მიჭირდა, ემოციური ფონი მქონდა და ამ ყველაფრის გადაგორებაში საქმე დამეხმარა. ყველა იმას წერდა, რომ არ იცოდნენ, კარანტინში გამოთავისუფლებული დრო რაში დაეხარჯათ. მე, პირიქით, დროის სერიოზული დეფიციტი მქონდა. ერთი იმიტომ, რომ გადაღებების რეჟიმში ვცხოვრობდით და მეორე, პეტრეს ონლაინგაკვეთილების, მომზადების პროცესში, რაც მშობლის აქტიურ ჩართულობას ითხოვდა. ამ ყველაფერმა გადამატანინა კარანტინი.
– რას ამბობს დათო, განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს ფეხმძიმე ცოლსო?
– შეიძლება, დათო მამხნევებს, მაგრამ პეტრეზე ფეხმძიმობაც ძალიან კარგად გვახსენდება, იოლი მისახედი იყავი ამ თვალსაზრისითო, განსაკუთრებული მოთხოვნები არ მქონია (იცინის). ერთადერთი, რაზეც უარს ვერ ვამბობ, გემრიელად ჭამაა, რომელიც ფეხმძიმობის გარეშეც ძალიან მიყვარს. ასე რომ, გურმანული მოთხოვნილებები ხშირად მაქვს. თუმცა, ზაფხულში ზამთრის ან ზამთარში ზაფხულის პროდუქტი არ მინდება. თან, ამჯერად კარანტინი დაგვემთხვა და ძირითადად, ჭამით ვიყავი დაკავებული, რაც ცოტა წონაზეც აისახა (იცინის). პეტრეზე იმდენად გვიან დამეტყო მუცელი, ვარჯიშებზე რომ დავდიოდი, დამცინოდნენ, ამას თავი ფეხმძიმე ჰგონიაო? (იცინის). ამჯერად პირიქით, ძალიან მალე დამეტყო. რადგან ყველაფერი პირველი ფეხმძიმობისგან განსხვავებული მაქვს, მეგონა, რომ შეიძლება, სქესიც სხვა ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოგართვით, ბიჭს ველოდებით (იცინის). პეტრეს ძალიან უნდოდა დაიკოდა ახლა გვამხნევებს, რომ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ (იცინის). ამბობდა, ბიჭები ბევრნი ვართ და რომ გათანაბრდეს, კარგი იქნება, თუ გოგო გვეყოლებაო.
პეტრესა და ელენეს (უფრისი და) განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, ლუკა (უფროსი ძმა) უფრო დიდია, ისიც ძალიან ხშირად ეთამაშება პეტრეს, მაგრამ უფრო სხვა ტიპის თამაშებს. ელენე უფრო მეტ ყურადღებას უთმობს პეტრეს ინტერესებს და მგონი, ამანაც განაპირობა ის, რომ და უნდოდა. რომ გაიგო, ბიჭს ველოდებით, ცოტა გაუჭირდა მიღება, მაგრამ მეორე დღეს მითხრა, მგონი, ჯობს, რომ ბიჭია, ჩემნაირად გავზრდიო (იცინის).
მასალის გამოყენების პირობები






