რა არის პაპილომა ვირუსი
პაპილომავირუსი კონტაქტის გზით გადადის, და მას ორი რამის გამოწვევა შეუძლია: მეჭეჭების და კიბოსი.
როგორც ბევრ სხვა ვირუსს, მასაც საკმაოდ ბევრი ტიპი აქვს, არსებობს 150-ზე მეტი სახის პაპილომავირუსი. აქედან ზოგი ჩვეულებრივ, კანის მეჭეჭებს იწვევს, ზოგი ამობურცულს, ზოგი ბრტყელს, ზოგი ანოგენიტალურს, ზოგი კი - ქსოვილების სიმსივნურ გადაგვარებას.
ვირუსის ტიპზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი ზიანის მოყენება შეუძლია მას. ადამიანების დიდ ნაწილს პაპილომავირუსი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდება. შესაძლოა სიმპტომი არ გამოვლინდეს გადადებისას, მას არც სიცხე ახასიათებს და არც ტკივილი. გამოვლენა იმუნიტეტზეა დამოკიდებული, თუ მოახერხა და ვირუსმა მას აჯობა - გაჩნდება მეჭეჭი კანზე ან ლორწოვანზე, ან დაზიანება შინაგან ორგანოზე.
რადგანაც გადადება კონტაქტის მეშვეობით ხდება, ლოგიკურია, რომ სქესობრივი გზით გადადებისას მეჭეჭები/დაზიანება ჩნდება სასქესო ორგანოებზე, საშვილოსნოს ყელზე, სწორ ნაწლავსა და პირში. რთულია იმის გაგება, თუ ზუსტად როდის გადაედო ადამიანს ან ვისგან.
პაპილომავირუსის ძალიან ბევრი ტიპი არსებობს. ტიპები 1 და 2 იწვევენ ჩეულებრივ მეჭეჭებს კანზე - რომელთა მკურნალობაც იმის მიხედვით ხდება, თუ რამდენად არა ესტეტიური ეჩვენება ის პაციენტს. მათში საშიში არაფერია და მარტივი პროცედურითშეიძლება მოშორება. საყურადღებოა ე.წ. მაღალი რისკის ტიპები, რომლებიც კიბოს იწვევენ. ესენია მაგალითად 16, 18, 31, 33, 35, 45. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ საშვილოსნოს ყელის, ანუსის, ვულვის, საშოს, პენისის და ყელის კიბო. ზოგადად, საშვილოსნოს ყელისა და ანუსის კიბოს შემთხვევათა 90% პაპილომავირუსის ბრალია. კონკრეტულად ტიპები 16 და 18 კიბოს შემთხვევების 70%-ს იწვევს, დანარჩენს - სხვები. კიდევ მეტი სტატისტიკა და რიცხვები რომ შევყაროთ, ასეთი ამბავია: მაღალი რისკის ვირუსით ინფიცირებულ ქალთა 10%-ში საშვილოსნოს ყელზე ვითარდება ქრონიკული პაპილომავირუსული ინფექცია, რაც წლების შემდეგ გადაგვარებითა და კიბოს განვითარებით შეიძლება დასრულდეს. ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბო მესამე ყველაზე ხშირი სიმსივნეა ქალებში.
პაპილომავირუსი, როგორც ვთქვით, ფიზიკური კონტაქტის, მათ შორის სქესობრივი კონტაქტის გზით გადადის. რადგანაც კანის კონტაქტიც საკმარისია გადასადებად, სამწუხაროდ, კონდომის ანუ პრეზერვატივის გამოყენებით თავს ბოლომდე ვერ დაიცავთ. მართალია პრეზერვატივი უამრავი სხვა ინფექციისა და პრობლემისგან გიცავთ, მაგრამ მიმდებარე კანს ბოლომდე ვერ ფარავს, შესაბამისად, პაპილომავირუსის გადადების რისკი მაინც რჩება დაცული სექსის დროსაც კი, მათ შორის ორალური და ანალური სექსისას.
მასალის გამოყენების პირობები






