ბალდის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი და არქიმანდრიტი იმ წერილს ასაჯაროებს, რომელიც საპატრიარქოსთან არსებულმა ზნეობრივმა კომისიამ გაუგზავნა.
საუბარია მამა ათენოგენზე, რომელსაც მღვდელმსახურება 29 მაისს შეუჩერეს. მიზეზი წირვის დროს, პატრიარქის არმოხსენიება გახდა.
მამა ათენოგენს მეუფე გრიგოლ კაციამ ჯერ მსახურების უფლება შეუჩერა, შემდეგ კი ზნეობრივ კომისიაში განსახილველად ახსნა-განმარტება დააწერინა, სადაც მამაოსთვის უნდა მოესმინათ. თუმცა ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა საპატრიარქოდან წერილით გაიგო რომ, მსახურების უფლების ჩამორთმევასთან ერთად მღვდლის სტატუსიც შეუჩერეს. მას ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე მონასტრიდან გასვლაც აეკრძალა.
"მე ვკითხე მეუფეს პატრიარქს თუ აჩვენეთ ეს წერილითქო, მითხრა არაო. სამმა მღვდელმთავარმა გადაწყვიტა - მეუფე თეოდორე ჭუაძემ, მეუფე ანდრეა გვაზავამ და მეუფე შიომ" - ამბობს მამა ათენოგენი.
სასულიერო პირი იმასაც ამბობს, რომ შესაძლოს მას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ნაჩუქარი ავტომობილიც ჩამოართვან
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია კი ამბობს, რომ არქიმანდრიტ ათენოგენეს ხარისხი არ ჩამორთმევია და ღვთისმსახურების უფლება იმ შემთხვევაში აღუდგება, თუ წირვებზე პატრიარქს ისევ მოიხსენიებს
"ბერული ლოცვები უნდა ჩაატაროს, მაგრამ როგორც მღვდელი, არ აქვს კურთხევა მღვდელმსახურება ჩაატაროს. წოდება დარჩა. თუ მეტყვის, რომ მე მოვიხსენებ წირვებზე პატრიარქს, შემინდეთ რომ ეს მომივიდა, ეგრევე აღუდგება მღვდელმსახურება“ - ამბობს გრიგოლ კაცია.
მასალის გამოყენების პირობები






