საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ქართული და პოლონური მხარეების თანამშრომლობით დღეს თბილისი-ვარშავას სპეციალური რეისი შესრულდება და საქართველოში ქართველ ემიგრანტებს ჩამოიყვანენ.
უწყების ცნობით, საზღვარგარეთ კვლავ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. უწყებას მათთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და მათი თქმით, ეტაპობრივად მათ ჩამოყვანასაც უზრუნველყოფენ.
„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ღამეს სისტემატიურად ათენებს ვარშავის აეროპორტში. საელჩოში შემოსული ყველა შეტყობინება მსგავსი შემთხვევების შესახებ არ დარჩენილა რეაგირების გარეშე და ყველა მათგანი გადაყვანილია საელჩოს მიერ ნაქირავებ საცხოვრებელში.
ამ ეტაპზე, საელჩომ თავშესაფრით უზრუნველყო 300-მდე მოქალაქე და აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა მათი ყველა ყოფითი პრობლემა, სამშობლოში გამომგზავრებამდე, დროულად გადაიჭრას.
პოლონეთის ავიახაზები ფრენებს ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და ამ ფრენების ყველა პარამეტრი და კონფიგურაცია განსაზღვრულია პოლონური მხარის მიერ.
სამწუხაროდ, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილის არამართლზომიერი ქმედება აზიანებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამშობლოში მათ დაბრუნებაზე.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს დაემორჩილონ პოლონეთის კანონმდებლობას და გამკაცრებულ საკარანტინო რეჟიმს, შეინარჩუნონ სიმშვიდე“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






