რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს 4 ინფიცირებულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ასევე დღეს გახდება ცნობილი აფრის თუ არა ახალი შემთხვევები ქვეყანაში, რადგან ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიიდან 6 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.
"მესამე პაციენტთან დაკავშირებით პირველი პასუხი არის უარყოფითი, მეორე პაციენტის ანალიზის პასუხი დღეს დილით უნდა მივიღოთ, თუ დღესაც უარყოფითი მოგვივა, რა თქმა უნდა - გაეწერება, თუ არა და შეიძლება რამდენიმე დღე დავტოვოთ.
არიან პაციენტები, რომლებსაც უკვე ვფიქრობთ, რომ არანაირი გართულება არ ექნებათ, რადგან გარკვეული ვადა გავიდა და არიან პაციენტები, რომლებზეც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ დაკვირვებას, რადგან ახალი შემოსულები არიან და შესაძლოა მათი დინამიკაში დამძიმება," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებულების რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც დანარჩენთან შედარებით მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, გაუმჯობესებულია.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულმა პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. 55 წლის მამაკაცმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო გუშინ დატოვა. ის ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება. როგორც ცნობილია, პაციენტს ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.
შეგახსენებთ, COVID 19- ის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ცნობილია, რომ აღნიშნიული მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები






