6 თებერვალს, 15.00 საათზე, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მეცნიერის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის ,,ივანე ბერიტაშვილი - კიდევ ერთი ცდა/უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე“ პრეზენტაციით დაიწყება საიუბილეო კვირეული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნის ავტორები არიან ნინო კაკულია და მერაბ ცაგარელი.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში 8 თებერვალს, შედგება წიგნის „უნივერსიტეტი“ მეხუთე შევსებული გამოცემის პრეზენტაცია. წიგნის შემდგენელი და ტექსტის ავტორია ზურაბ გაიპარაშვილი; 10 თებერვალს, ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, პირველი რესპუბლიკის პერიოდში თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის ხელმძღვანელის ვახტანგ ღამბაშიძისადმი მიძღვნილი წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია და გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“ გაიმართება; ასევე 10 თებერვალს, 1988 წელს გამოცემული წიგნის „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება; 12 თებერვალს, წლის პირველ საჯარო ლექციის ფარგლებში ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ კურსდამთავრებული ზაალ კოკაია წაიკითხავს საჯარო ლექციას „თავის ტვინი, ინსულტი და ღეროვანი უჯრედები“. „წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში ყოველწლიურად ტარდება.
1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) ამიერკავკასიის კომისარიატმა უნივერსიტეტის წესდების ძირითადი დებულება საბოლოოდ დაამტკიცა, შედეგად ზუსტად 100 წლის წინ 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიულად დაფუძნდა.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით, 26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
102 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება; 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 900-მდე უცხოელი სწავლობს და რომელიც 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World Report).
(მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია)
მასალის გამოყენების პირობები






