სააპელაციო სასამართლომ მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე საჩივარი დაუშვებლად ცნო
სამართალი - 17:20, 06 Aug, 2019     918

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო EMC-ს საჩივარი და შესაბამისად, პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.


EMC-ს შეფასებით, მოსამართლის განმარტება არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს და ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დაუსაბუთებელი განჩინების პირობებში კიდევ უფრო მყარდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახზე გავლენის მოხდენის იარაღია.

"

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) საჩივარი, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ვასაჩივრებდით. შესაბამისად, პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. სასამართლომ დაუშვებლად ცნო 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 3 პირის საჩივარი.

EMC-ს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი და დაუსაბუთებელია. მასში აბსტრაქტულადაა მითითებული, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების სათანადო სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა არ არის დასაბუთებული საქმეში არსებული რომელი კონკრეტული მტკიცებულება ქმნიდა რეალურ საფრთხეს იმისა, რომ მორის მაჩალიკაშვილი მიიმალებოდა, ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას ან ზეგავლენას მოახდენდა მოწმეებზე.

განჩინებაში ვკითხულობთ: ,,გარკვეული პირადი მოტივები აკავშირებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, ფუნქციების შესრულების ლეგიტიმურობასთან და ა. შ. აშკარაა, რომ მას უჭირს პასუხისმგებლობის გათავისება ამგვარ სტრესულ ვითარებაში, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებთან მიმართებაში რეალური მოლოდინის საფუძვლად აღიქმება“.

EMC-ს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მსგავსი მსჯელობა კანონის ჩარჩოს ცდება, რამდენადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების განხილვის ეტაპზევე უკვე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და აცხადებს, რომ ავტომატურად არსებობს ახალი დანაშულის ჩადენის რისკიც. სასამართლო მორისის მონაწილეობას საპროტესტო აქციაში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან პირად დაპირისპირებად აღიქვამს.

გარდა იმისა, რომ მოსამართლის განმარტება არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომლის მიხედვით აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს თუ არა რეალურ საფრთხეზე, რომ პირის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებით, ან მსუბუქი ღონისძიების გამოყენებით მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეეშლება. სააპელაციოს სასამართლოს ამგვარი შეფასება არ გაუკეთებია და ჩვენ მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტებიც სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა.

სამწუხაროა, რომ ზემდგომმა სასამართლომ, 20-21 ივნისს დაკავებული პირების დაპატიმრების საქმეზე მიღებული აშკარად შაბლონური და ზედაპირული გადაწყვეტილებების პრაქტიკის რევიზია ვერ მოახერხა და ამ გზით სასამართლო კონტროლის რეალურ განხორციელებაზე უარი თქვა.

EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას გაიაზროს მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებების უსაფუძვლობა და უზრუნველყოს მიმდინარე პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება. იმ ფონზე, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა შესაძლოა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, დაუსაბუთებელი განჩინების პირობებში კიდევ უფრო მყარდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახზე გავლენის მოხდენის იარაღია. სამართლებრივი მექანიზმების ამ ფორმით გამოყენება სამართალდამცავი სისტემების პოლიტიზებისს ნიშნებზე მიუთითებს და მკვეთრად ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების იდეას"- აცხადებენ ორგანიზაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42