ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის მამაკაცი პატიმრობაში დატოვეს.
მოსამართლე ზვიად შარაძემ, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა და ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა.
ომარ გამყრელიძე ბრალდებას არ აღიარებს.
ცნობილია, რომ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.
ომარ გამყრელიძე ამბობს, რომ უდანაშაულოა, თუმცა სამართალდამცველებმა მაინც დააკავეს და მათ „საქმე შეკერეს“.
მისი თქმით, პოლიციელები ფიზიკური ძალადობის სანაცვლოდ მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ.
„მე რაში მდებთ ბრალს? პროკურორი იყო იქ, როცა ეგ საქმე მოხდა? მკვლელობები რომ იყო, იყო იქ? რომ არ იყო, მე ვიყავი იქ, რატომ არ მიჯერებთ? მე ტყუილს ხომ არ ვიტყვი იმიტომ, რომ ფაქტიურად ვლაპარაკობ, რომ ერთ ხელზე ხუთი თითი მაბია, ეს ზეპირად ვიცი, ერთი ყურიდან მესმის, ისიც „ბუნტად“, დავყრუვდი, რა არის სამაგისო, ჩემ ხელში მე როგორ მოვკლავ დედაკაცს, ჩემი მეუღლე, როგორ მოვკლა ჩემი შვილი, როგორ, თუ გიჟი ვარ, შემამოწმონ, მოვიდა უცებ მილიცია, „ნარუშნიკები“ შემიკრა, ძაღლივით გამათრია, ჩამაგდო, ციხეში მიმიყვანეს, მოდი, მკვლელი ხარო, რა იცოდნენ, რომ მე მკვლელი ვიყავი თუ ვინ ვიყავი, როგორც უნდოდათ, ისე შეკერეს საქმე,“ - განაცხადა ომარ გამყრელიძემ.
საქმის პროკურორი ირწმუნება, რომ 85 წლის მოხუცის წინააღმდეგ მათ აქვთ ბევრი მტკიცებულება, მათ შორის არის საბრძოლო მასალა, რამდენიმე იარაღი, ყუმბარა, ნიღაბი.
მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






