აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ავთანდილ მამედოვი, რომელიც საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. როგორც აღმოჩნდა მას აზერბაიჯანში არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას ედავებიან. მას 2018 წლის 24 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონული სასამართლოს განჩინებით, პატიმრობაც კი შეეფარდა. მამედოვის ოჯახის წევრები თვლიან, რომ მამედოვს აზერბაიჯანის ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის და შიშობენ რომ ის აფგან მუხთარლის ბედს გაიზიარებს.
მამედოვი მარნეულში დააკავეს, დღეს კი სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს. ბრალდების მხარე მამედოვის პატიმრობას ითხოვს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადვოკატი.
უფლებადამცველი ამბობს, რომ პატიმრობის საფუძველი არ არსებობს და ეს ევროკონვენციის დარღვევა იქნება.
ამ დროისთვის მამედოვი საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელი პირი არ შეიძლება იქნას ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული მანამდე ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევა.
მასალის გამოყენების პირობები






