სარჩელის საფუძველი გახდა 2018 წლის პირველ ნოემბერს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოსარჩელის წინააღმდეგ გამოცემული რეკომენდაცია №13/13851, რომლის საფუძველზეც დადგინდა მოსარჩელის მიერ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა მას უკრძალავს ზემოაღნიშნული აქტის სასამართლოში გასაჩივრებას, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოსათვის მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
განჩინება მოსამართლეთა მეორე კოლეგიამ მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც არიან თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
მასალის გამოყენების პირობები






