გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა, რასაც დაკავებულთა ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
დაცვისა და ბრალდების მხარის მოსმენა 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ დაკავებულებს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმებოდათ.
პროკურორის თქმით, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აჭარის პროკურატურაში კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურა შვიდივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა. ბრალდების მხარე ამბობდა, რომ მათი გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მაღალჩინოსნების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
ბათუმის ყოფილი მერი და მერიის მაღალჩინოსნები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ისინი აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
სამ დაკავებულს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბათუმის მერიის დაკავებულ კიდევ ოთხ თანამშრომელს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტ „იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია კონვენტ ჯორჯიას ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს.
მასალის გამოყენების პირობები






