სასამართლო დღეს ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. .
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, შოთა მანელიძის თქმით, დღევანდელ პროცესზე უფლებამდამცველები გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ.
"ჩვენ პოზიცია არაღიარებით გვაქვს, რომელიც შესაძლოა საბოლოო არ იყოს, იმის და მიხედვით, საქმის გარემოებები რაზე იმეტყველებს საბოლოო ჯამში. ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიების ამ ეტაპზე შეფარდება არანაირი სახით მისაღები არ იქნება. მტკიცებულებების კუთხით ბრალდების მხარე უშუალოდ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში, ნამდვილად სიმყარით ვერ გამოირჩევა" - აღნიშნა ადვოკატმა.
დაკავებული სპორტსმენები ამ დრომდე ბრალს არ აღიარებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 მაისს, 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დაკავა.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაკავებულები არიან ჯონი შეროზია, პაატა ღუდუშაური, გიორგი გეთიაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, რატი იმერლიშვილი, ირაკლი ბაჯელიძე, ლაშა ჩაფიძე და ირაკლი ხუჭუა.
უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულებმა, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის 93 500 ლარი აიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






