ზუგდიდის პოლიციას მოქალაქე წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. მომხდართან დაკავშირებით, როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირია და დაკავების დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
უწყებისვე ცნობით, მოქალაქეს იზოლატორში ყოფნისას და არც სასამართლოზე პოლიციის მიმართ პრეტენზია არ დაუფიქსირებია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2019 წლის 23 აპრილს აწარმოებდნენ სამსახურებრივ შემოვლას, რა დროსაც ზუგდიდში, ხორავას ქუჩიდან შემოესმათ გინების და ხმამაღალი საუბრის ხმა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ფ. დახვდათ, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მის დამშვიდებას რამდენიმე პირი ცდილობდა. სამართალდამცველებმა გ.ფ. არაერთხელ მოუწოდეს დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, თუმცა ის არ დაემორჩილა, აგრესია პოლიციელებზე გადაიტანა და აგრძელებდა ყვირილს და შეურაცხყოფას.
ვინაიდან გ.ფ.-ს ქმედება აშკარად შეიცავდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნებს, სამართალდამცველებმა იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
ასევე აღსანიშნავია , რომ გ.ფ.-ს დაკავების დროს შუბლის არეში მცირე ზომის დაზიანება აღენიშნებოდა რაც ასახულია დაკავების ოქმშიც. მისი განმარტებით აღნიშნული დაზიანება მიღებული იყო დაკავებამდე სამი დღით ადრე.
დაკავებული იმავე ღამეს გადაყვანილ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შემოწმდა და დათვალიერდა ექიმის მიერ და მას სხეულზე გარდა აღნიშნულისა არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და იზოლატორში არანაირი სახის პრეტენზია არ განუცხადებია. პოლიციას გააჩნია როგორც გ.ფ.-ს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე მისი წინასწარი დაკავების იზილატორში შესვლის და გამოსვლის კადრები. 24 აპრილს დაკავებულს არც სასამართლო პროცესზე გამოუხატავს პრეტენზია პოლიციის მიმართ.
სასამართლომ გ.ფ. სამართალდამრღვევად სცნო და მას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა" - აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






