მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა გუშინ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. დაკავებული მისმა ადვოკატმა გუშინ მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა და მან დაწესებულება გვიან ღამით დატოვა.
ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ჯიბღაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ისინი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც სავარუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
„ლევანი არ უარყოფს იმას, რომ ეს ნივთიერება აღმოჩენილი იქნა იმ ჩანთაში, რომელიც მისი მანქანიდან იქნა ამოღებული, თუ როგორ, რა ვითარებაში აღმოჩნდა ან ეს ჩანთა, ან ეს ნივთიერება მის მანქანაში, ეს გამოძიების გასარკვევია და ჩვენ ამ თვალსაზრისით აქტიურად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო ორგანოებთან. ველოდებით, რომ ექსპერტიზის დასკვნა იქნება დაჩქარებულ ვადებში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება კონკრეტული პოზიციები“, - განაცხადა ადვოკატმა.
სწორედ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ წარედგინება ლევან ჯიბღაშვილს ბრალი.
გამოძიების ინფორმაციით, მსახიობის ავტომობილში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ლევან ჯიბღაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ელის.
მასალის გამოყენების პირობები






